კომპანია "თიბისი კაპიტალი" სახელმწფო შესყიდვაში დისკვალიფიკაციას აპროტესტებს და ტენდერში გამარჯვებულად დასახელებას ითხოვს. საუბარია შპს ,,ქართლის ქარის ელექტროსადგურის" მიერ გამოცხადებულ ტენდერზე, რომელსაც კომპანიის აქციების საჯარო განთავსებისთვის საკონსულტაციო კომპანია უნდა გამოევლინა.
ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს საჭირო კვლევების და ანალიზის ჩატარება, ასევე კონსულტირება და აქციების ემისიის პროცესის მომზადება.
სატენდერო კომისიამ არასაკმარისი გამოცდილების გამო ,,თიბისი კაპიტალს“ დისკვალიფიკაცია მისცა და გამარჯვებულად მისი კონკურენტი, Galt&Taggart-ი დაასახელა.
საჩივარში, რომელიც შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში შევიდა, კომპანია სატენდერო კომისიის დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებაზე მიუთითებს.
"ვფიქრობთ დისკრიმინაციული, სამართლებრივად დაუსაბუთებელია და აშკარად არღვევს თანასწოროების პრინციპს სხვა პრეტენდენტებთან მიმართებაში",-აღნიშნულია საჩივარში.
შეგახსენებთ, რომ დაგეგმილია ქარის ელექტროსადგურის აქციების 25%-ის საჯარო განთავსება. კომპანიის აქციების საფონდო ბირჟაზე გატანის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გასულ წელს განაცხადა.

























