ქარის ტურბინების ჩინური მწარმოებელი Ming Yang Smart Energy შოტლანდიაში ქარის ტურბინების ქარხნის ასაშენებლად $2 მილიარდის ინვესტიციას და 1500-მდე სამუშაო ადგილის შექმნას აპირებს - ამის შესახებ კომპანიამ თავად განაცხადა.
Ming Yang-ის ცნობით, პროექტი სამ ფაზად აშენდება; პირველი ფაზით 750 მილიონი ფუნტის ინვესტიცია განხორციელდება და ქარხანა ქარის ტურბინის პირებისა და გონდელების წარმოებისთვის შეიქმნება, რომლის ოპერირებაც 2028 წლის ბოლოსთვის დაიწყება.
მეორე ფაზის ფარგლებში ობიექტის გაფართოება იგეგმება ისე, რომ მას ქარის ენერგიის მცურავი ელექტროსადგურების ოფშორული ინდუსტრიის მომსახურება შეეძლოს.
მესამე ფაზა კი წარმოების მართვის სისტემების, ელექტრონიკის და სხვა ძირითადი კომპონენტების წარმოებას მოიცავს.
„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ დიდ ბრიტანეთში სამუშაო ადგილების, უნარებისა და მიწოდების ჯაჭვის შექმნით შეგვიძლია, ეს ქვეყანა ქარის ოფშორული ტექნოლოგიების გლობალურ ცენტრად ვაქციოთ“, - განაცხადა ამან ვანგმა, Ming Yang-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დიდ ბრიტანეთში.
აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად, განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის გაზრდაზე მუშაობს. მთავრობა ასევე იმედოვნებს, რომ სუფთა ენერგიის სფეროში ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის. სწორედ ამიტომ, ჩინურ კომპანიასა და ელექტროენერგიის ბრიტანეთში უმსხვილეს მიმწოდებელ Octopus-ს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც კომპანიებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილება.




























