“ახალი პირობების გაჩენა უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ეს არ არის ნორმალური ფორმა ხელშეკრულებებისა და ვალდებულებების შერულების,”- აცხადებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მომავალი ოპერატორის SSA Marine-ის მოთხოვნაზე, რომ გარკვეული ვადით, ანაკლია ქვეყანაში ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი იყოს.
ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ თუ მთავრობა ახალ პირობებს გაითვალისწინებს, ეს მხოლოდ “კეთილი ნების გამოხატვა” იქნება.
“ახალი პირობების გაჩენა უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ეს არ არის ნორმალური ფორმა ხელშეკრულებებისა და ვალდებულებების შერულების. შესაბამისად, იგივე ის კონკურსი, რომელშიც გაიმარჯვა კონსორციუმმა კონკრეტულ პირობებზე იყო გამოცხადებული, ანუ ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ახალი პირობები ეს არის ნორმა, რომელიც სავალდებულოა რომ არსებობდეს.
სახელმწიფოს არ გააჩნია ვალდებულება, რომ გინდა თუ არა, ეს ახალი პირობა იყოს გათვალისწინებული. ასე არ დგას ეს საკითხი. ამ პირობის გათვალისწინება ან არგათვალისწინება ეს არის კეთილი ნება და ამ შემთხვევაში სწორედ სახელმწიფოს კეთილ ნებაზე არის საუბარი და სახელმწიფოს პირდაპირ დაინტერესებაზე იმაში, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. სხვა შემთხვევაში, პირობითად ვიძახი, ახალი პირობა ნებისმიერმა სხვა კონტრაქტორმა იგივე ნებისმიერი სხვა მიმდინარე პროექტებიდან რომ დააყენოს, ამ შემთხვევაში ეს ახალი პირობები არ იქნება გათვალისწინებული.
მაგრამ, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გადაიწია ვადამ, გადაიწია იმ ვალდებულებების შესრულებამ, ასევე არის კონკრეტული პროგრესი მთელ რიგ ახალ პირობებზე, რაც დღემდე მოვიდა და ის ბოლო, რაზეც ახლა დაისვა კითხვა სულ რამდენიმე დღის წინ დაისვა. რა თქმა უნდა ამაზე მსჯელობა იქნება, თუმცა ძალიან რთულია დღეს ამაზე რაიმე კონკრეტული ვთქვა, ვინაიდან გააზრება სჭირდება, მიზეზის გარკვევა სჭირდება და საერთოდ შეფასება სჭირდება ამას, რადგან არსებობს პროექტები და არსებობს სახელმწიფოს ჭრილი ამ პროექტების განხილვის, აქედან გამომდინარე, ამაზე მეტ კონკრეტულს ვერ გეტყვით რამდენჯერაც არ უნდა დამისვათ ეს კითხვა.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ახალი პირობების დაყენება ეს არ არის ნორმა, ახალი პირობების გათვალისწინება ეს არ არის ვალდებულება. და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის სახელმწიფოს კეთილი ნება. სახელმწიფო მის კეთილ ნებასაც და პირდაპირ მხარდაჭერასაც ამით გამოხატავს,”- აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

























