ქართლში, სოფელ კავთისხევში უძველეს ქართული ხორბლის ჯიშების დათესვა დაიწყო. აღნიშნული ღონისძიება პირველ ეტაპზე სათესლე მასალის გამრავლებას ისახავს მიზნად და ის პროექტის "გემოვანი" და "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის" ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.
როგორც Bm.ge-ს მომავალმა ფერმერმა გიორგი რაზმაძემ განუცხადა, ხორბალს ის სოფელ კავთისხევში მამაპაპისეულ მიწაზე დათესავს. სათესლე მასალა მას პროექტის "გემოვანი" ფარგლებში გადაეცა. საუბარია ექვსი ჯიშის ხორბალზე, რომელიც ოდითგანვე ქართლში მოდიოდა და ამჟამად თითქმის გადაშენების პირასაა. ესენია: თეთრი დოლი, თეთრი თავთუხი, თავთუხი, ორმარცვლიანი ასლი-ემერი და ორი სახეობის გვაწა-ზანდური.
"აღნიშნული ჯიშები საქართველოში თითქმის აღარ მოჰყავთ, თუ სადმეა შემორჩენილი, ძალიან მცირე რაოდენობით. ვფიქრობთ, სამ წელში შევძლებთ სათესლე მასალის გამრავლებას და ამის შემდეგ ხორბალს საწარმოო დანიშნულებითაც მოვიყვანთ. სათესლე მასალა "გემოვანმა" გადმოგვცა, რომელიც ჩვენი პარტნიორია", - განაცხადა გიორგი რაზმაძემ.
როგორც მომავალი ფერმერი Bm.ge-სთან საუბრისას ამბობს, ქართლის ტერიტორიაზე ნაკლებად ხდება მივიწყებული, ენდემური ჯიშების აღდგენა და სურს ამ საქმეში აქტიურად ჩაერთოს. მშობლიურ მხარეში ის ხორბლის გარდა ვაზის უძველესი ჯიშების აღდგენასაც აპირებს, როგორიცაა: ბუზა, ჯვარი, დანახარული, მუხამწვანე და სხვა.
"ჩვენ უკვე მივაკვლიეთ ადგილს, სადაც ამ ჯიშის ნერგები გამოჰყავთ და მის გამრავლებას ვაპირებთ, თავდაპირველად სანერგე მეურნეობას შევქმნით და როცა ნერგებს მოვამრავლებთ, ვენახსაც გავაშენებთ. მანამდე კი უფრო ცნობილ ვაზის ჯიშებს დავრგავთ, რომლებიც ქართლისთვისაა დამახასიათებელი, ესენია: შავკაპიტო, თავკვერი, ჩინებული და ქართლის ღრუბელი. სამ წელში ეს ჯიშები მოსავალს მოგვცემს, რისგანაც ღვინოს დავამზადებთ.
მარნის მშენებლობა უკვე დავიწყეთ, იქ 10 ტონა ტევადობის ქვევრები ჩაიყრება. ამ პროექტს მეგობართან ერთად ვახორციელებ, რომელიც წარმოშობით ამავე სოფლიდანაა. ღვინის კომერციალიზაციიდან მიღებულ თანხას იშვიათი ქართული ჯიშების აღდგენას მოვახმართ", - განაცხადა გიორგი რაზმაძემ. ის მშობლიურ სოფელში ამჟამად 2,5 ჰექტარ მიწას ფლობს.