10 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ქართუ ფონდთან“ მემორანდუმის გაფორმებას გეგმავს.
ამ დროისთვის ვალების განულების ვებ-გვერდზე არცერთი მიკროსაფინანსო ორგანზიაციის მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია ატვირთული არ არის.
როგორც მისო-ების ასოციაციის ხელმძღვანელი ბესო შენეგელია bm.ge-თან აცხადებს, 15-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ეროვნულ ბანკს სოციალურად დაუცველი და შშმ პირების შესახებ ვალების უსასყიდლოდ ჩამოწერის შესახებ განაცხადი გუშინ გაუგზავნა;
მათგან 10 ორგანიზაცია კი, „ქართუსთან“ მემორანდუმის გაფორმებასაც გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ე.წ. „სესხების განულების“ სამთავრობო პროგრამაში ჩაერთვებიან.
„ჯერ სიები, რა თქმა უნდა, ატვირთული ვერ იქნება, იმიტომ რომ გუშინ გადავუგზავნეთ ეროვნულ ბანკს იმ მისო-ების ჩამონათვალი, ვინც პროექტში მიიღებს მონაწილეობას; რაც შეეხება კონკრეტულად სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოქალაქეების სესხებს, არის 15 ორგანიზიაცია, რომელიც თანამშრომლობს სოციალურად დაუცველებისთვის და შშმ პირებისთვის კომპენსაციის გარეშე თანხების ჩამოწერაზე. აქ დასაკონკრეტებელია, რომ საუბარია იმ სესხებზე, რომელიც 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით იყო ვადაგადაცილებაში და მიმდინარე ბალანსი არ აღეტებოდა 2000 ლარს. ჩვენ ველოდებით სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ეროვნული ბანკის კოორდინაციით ბაზების გადამოწმებას და სიების დაზუსტებას. ასევე, აღსანიშნავია, რომ სამუშაოა საგადასახადო ინიციატივაზეც, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ კი ვპატიობთ მათ ვალებს, მაგრამ არსებული კანონმდებლობით დაბეგვრადია ოპერაცია და ეს მაინცდამაინც ლოგიკური არ იქნება. ამიტომ საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილების შეტანას ველოდებით. რაც შეეხება „ქართუ ფონდთან“ მემორანდუმს, 15-დან 10 აპირებს მემორანდუმის გაფორმებას, თუმცა ჩამონათვალის გაკეთება ამჟამად არ შემიძლია, მონაცემები იცვლება და ამიტომ სჯობს, დაველოდოთ. როგორც კი მზად იქნება სიები, ვებგვერდზე აიტვირთება. ახალ წლამდე წესით ორივე მიმართულებით უნდა დასრულდეს მუშაობა“, - განაცხადა ბესო შენეგლიამ.