"დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა საინტერესო ინიციატივა, რომელზეც ფონდი "ქართუ" აქტიურად მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან. ფონდის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს, ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ,"- საზოგადოებრივ მაუწყებელთან თქვა ჩხეტიანმა.
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, ის ვერ დაასახელებს, თუ რა თანხა დაუჯდება ქართუ ფონდს ვადაგადაცილებული კრედიტების შესყიდვა.
პროექტის მიხედვით, ვალების დაფარვა 15 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს, და წლის ბოლომდე დასრულდეს.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პოლიტიკურ სუბიექტს ან მასთან დაკავშირებულ პირს მოსახლეობისთვის თანხის, თუ სხვა საჩუქრის გადაცემა ეკრძალება სანამ არჩევნების ოფიციალური შედეგები არ გამოქვეყნდება. ამ ვადის გასვლის შემდგომ, ფულადი საჩუქრების გადაცემა დარღვევას არ წარმოადგენს.
"არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია:
საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით"- წერია კანონში.