"ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნატო ხაინდრავამ BMG-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ბანკი ყოველთვის მოქმედებდა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთო საბანკო შეზღუდვების შესაბამისად. დამაზუსტებელ კითხვას თუ როგორ მოიქცევა "ქართუ ბანკი" არსებულ შემთხვევაში და იმოქმედებს საერთაშორისო სანქციით თუ ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, ნატო ხაინდრავა არ პასუხობს.
"კანონის განმარტებას მთხოვთ? ეს კანონშემოქმედებით პირებს უნდა სთხოვოთ. “ქართუ” ყოველთვის ასრულებს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, საერთო საბანკო შეზღუდვებს ითვალისწინებს და შიდა პოლიტიკითაც გათვალისწინებულ წესებს იცავს. მეტი ვერაფრის განმარტებას ვერ მოგცემთ,"- აცხადებს ნატო ხაინდრავა.
განცხადებას ავრცელებს თავად "ქართუ ბანკიც":
"კლიენტების მომსახურებისას სს „ბანკი ქართუ“ იცავდა და მომავალშიც შეასრულებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, საერთაშორისო საბანკო შეზღუდვებს და ბანკის შიდა პოლიტიკებით გათვალისწინებულ წესებს.
ამასთან, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პირების მხრიდან ვრცელდება უპასუხისმგებლო განცხადებები, თითქოს აშშ-ს სანქციების გამოქვეყნების შემდეგ ო. ფარცხალაძის მიერ ბანკ ქართუში განხორციელდა საბანკო ოპერაციები, რაც წარმოადგენს მტკნარ სიცრუეს და არ შეესაბამება სიმართლეს. ეს უპასუხისმგებლო განცხადებები მიზნად ისახავს ბანკი ქართუს დისკრედიტაციას და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობას. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებს შეუძლიათ ბანკ ქართუში მარტივად გადაამოწმონ ამ განცხადებების სიცრუე,"- ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა სანქციების აღსრულების წესის საგამონაკლისო ბრძანება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების სანქცირებას ითვალისწინებს მხოლოდ მაშინ თუკი კონკრეტული პირის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი შევა ძალაში.