ქართულ კომერციულ ბანკებში სულ 3.8 მილიარდი რუსული რუბლი ინახება - ამის შესახებ ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა. 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 104 მილიონ ლარს, ანუ 3.8 მილიარდ რუბლს შეადგენდა.
2024 წელს რუბლის დეპოზიტები სულ 23%-ით გაიზარდა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის [2022 წლის თებერვლის] შემდეგ კი ქართულ ბანკებში რუსული რუბლის დეპოზიტებმა 298%-ით მოიმატა.
იმის მიუხედავად, რომ რუბლის დეპოზიტები მკვეთრად არის გაზრდილი, 104 მილიონი ლარი არ არის ის სრული მოცულობა, რაც რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში აქვთ განთავსებული, რადგანაც მათი დეპოზიტების უდიდესი ნაწილი არა საკუთარ ეროვნულ ვალუტაში, არამედ დოლარში არის ნომინირებული. არარეზიდენტები ქართულ ბანკებში სულ 8.8 მილიარდ ლარს ინახავენ, საიდანაც სებ-ის უკანასკნელი ანგარიშის თანახმად, 38% რუსეთის ფედერაციის რეზიდენტების დეპოზიტებს წარმოადგენს, რაც თანხობრივად დაახლოებით 3.3 მილიარდი ლარია. ამასთან, უცხოელების დეპოზიტები 2024 წელს 16%-ით გაიზარდა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი უცხოელების დეპოზიტები ჯამურად 144%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება დეპოზიტების პორტფელს ვალუტების მიხედვით, ის 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით ასე ნაწილდება:
# | დეპოზიტები ვალუტების მიხედვით | მოცულობა ლარებში: |
1 | ეროვნული ვალუტა ₾ | 28,007,435,147 ლარი; |
2 | აშშ დოლარი | 23,622,035,988 ლარი; |
3 | ევრო | 5,836,016,715 ლარი; |
4 | დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი | 301,920,586 ლარი; |
5 | რუსული რუბლი | 104,270,113 ლარი; |
6 | შვეიცარიული ფრანკი | 53,364,199 ლარი; |
7 | ჩინური იუანი | 25,049,536 ლარი; |
8 | არაბეთის გაერთიანებული საამიროების დირჰამი | 5,526,441 ლარი; |
9 | იაპონური იენი | 2,330,555 ლარი; |
10 | კანადური დოლარი | 2,164,838 ლარი. |
სხვა ყველა ვალუტა 4.8 მილიონი ლარი.