მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართულ ბაზარზე ფრანგული კონიაკი “ნაპოლეონი” აპრილიდან გამოჩნდება - "მეღვინეობა კაჭრეთი"

ნაპოლეონი

ქართულ ბაზარზე ფრანგული კონიაკი „ნაპოლეონი“ აპრილიდან გამოჩნდება. ამის შესახებ მეღვინეობის "მეღვინეობა კაჭრეთი" დირექტორმა, ნათია კარიჭაშვილმა BM.GE-ს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, პროექტი ფრანგ პარტნიორთან, ჟერომ ტესანდიესთან თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. საკონიაკე სპირტი საფრანგეთიდან საქართველოში შემოვა, სადაც კაჭრეთში გაივლის სრულ დამუშავებას, რის შემდეგაც უკვე ადგილზევე ჩამოისხმება. ბოთლზე ერთდროულად იქნება მითითებული როგორც საქართველო, ისე საფრანგეთი, რაც პროდუქტის ერთობლივ წარმომავლობას უსვამს ხაზს.

„ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორთან, ბატონ ჟერომ ტესანდიესთან. ფრანგული კონიაკი ქართულ ბაზარზე გაყიდვაში უკვე აპრილიდან ჩაეშვება. პირველ ეტაპზე, ჩვენს მაღაზიაში, მელიქიშვილზე გაიყიდება, შემდეგ კი ეტაპობრივად გავალთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ნელ-ნელა სხვა ბაზრებზეც“, – აცხადებს კარიჭაშვილი.

მისივე თქმით, წარმოების მოცულობა მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული, ხოლო პროდუქტის ფასი ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის: „ზუსტ რიცხვებს ვერ გეტყვით, რადგან წარმოება მოთხოვნის მიხედვით განისაზღვრება. ფასიც ჯერჯერობით დადგენილი არ არის“, - აღნიშნავს ის.

კომპანიის დირექტორის თქმით, ახალ პროდუქტს მომხმარებლის მხრიდან უკვე დიდი ინტერესი ახლავს.
„ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა მომხმარებლის მხრიდან. ყველას აინტერესებს ჩვენი კავშირი "ნაპოლეონთან" და ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან მაღალი ხარისხის მოლოდინი არსებობს და აუცილებლად მიიღებენ იმ ხარისხს, რასაც ელოდებიან“, – ამბობს კარიჭაშვილი.

როგორც ის განმარტავს, პროექტი მრავალწლიანი პარტნიორობისა და ნდობის შედეგია და გულისხმობს უნიკალურ თანამშრომლობას.

„ბატონ ჟერომ ტესანდიესთან მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და სწორედ ამ ნდობის საფუძველზე გაჩნდა იდეა. ჩვენ შევთავაზეთ, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა კონიაკის წარმოება საქართველოში. ასეთი რამ საფრანგეთის ფარგლებს გარეთ ჯერ არ მომხდარა. შესაბამისად, კონიაკი, როგორც ნედლეული, შემოდის, აქ ხდება მისი დამუშავება და უკვე ერთობლივად იწარმოება. პროდუქტს ეწერება “კონიაკი” და არა "ბრენდი", რაც ჩვენი პროექტის მთავარი სიამაყეა“, – აცხადებს „მეღვინეობა კაჭრეთის“ დირექტორი.

“ნაპოლეონის“ კონიაკი ადგილწარმოშობის დასახელებას წარმოადგენს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული საფრანგეთის ქალაქ კონიაკთან - რეგიონთან, სადაც კონიაკის წარმოება მკაცრად რეგულირდება და მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს ეფუძნება. პროდუქციის ხარისხის უზრუნველსაყოფად, კომპანია თანამშრომლობს ფრანგულ დისტილერიასთან - Tessendier & Fils Distillery, რომელიც კონიაკის რეგიონის ერთ-ერთ მსხვილ მწარმოებლად მიიჩნევა. სწორედ ამ დისტილერიის ნედლეული წარმოადგენს „ნაპოლეონის“ კონიაკის საფუძველს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, კომპანიაში აცხადებდნენ, რომ უკვე მიღებული ჰქონდათ რამდენიმე მილიონი ბოთლის შეკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ წარმოების ზუსტი მოცულობა არ სახელდებოდა, ცნობილია, რომ საწარმოში მასშტაბური წარმოების ამოქმედება იგეგმებოდა, რაც მზარდ მოთხოვნას უკავშირდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები