ქართულ ბაზარზე ნოემბრის ბოლოს 3D ვირტუალური სივრცეების გენერატორი პლატფორმა Arrival ჩაეშვება. ამის შესახებ „ქალების ნარატივის“ ეთერში პლატფორმის თანადამფუძნებელმა, ანი კაზარიანმა ისაუბრა.
„Arrival ამ ეტაპისთვის სატესტო რეჟიმში მუშაობს, უკვე ნოემბრის ბოლოს ჩაეშვება ქართულ ბაზარზე. ეს არის პლატფორმა, სადაც ნებისმიერი ორგანიზაცია შეძლებს თავისით შექმნას საკუთარი ვირტუალური სამყარო, აიტის და კოდირების ცოდნის გარეშე. დაამატოს საკუთარი ბრენდინგი, ლოგოები, ბანერები. ჩაატაროს ღონისძიება ვირტუალურ სივრცეში, სადაც ხალხს შეეძლება კომუნიკაცია, სიტყვით გამოსვლა, მოსმენა და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ პლატფორმას აქვს ბევრი ინტერაქციის და გეიმიფიკაციის საშუალება,“ - განაცხადა ანი კაზარიანმა.
Arrival-ის სატესტო მუშაობის რეჟიმის ფარგლებში პლატფორმამ უკვე ჩაატარა10 ღონისძიება.
„სანამ ეს პლატფორმა შემუშავების პროცესშია, ამ ყველაფერს ვაკეთებთ მექანიკურად, ვთანამშრომლობთ დიდ კონფერენციებთან და ვთავაზობთ ჰიბრიდულ ან სრულიად ვირტუალურ კონფერენციებს, პროდუქტის ჩაშვების ღონისძიებებს და ა.შ.“ - აღნიშნავს ანი კაზარიანი.
Arrival-ის პირველადი ვერსიის ამოქმედებისთვის ფინანსირება განხორციელდა გუნდის წევრების პირადი ბიუჯეტიდან, აგრეთვე „აქსელის“ აგელოზმა ინვესტორებმა 16 ათასი დოლარით დააფინანსეს და ერთ-ერთმა ამერიკულმა ფონდმა პლატფორმის ამოქმედებისთვის 20 ათასი დოლარი გამოყო. სტარტაპი ამჟამადაც ინვესტორების მოძიებაშია.
„ზუსტი ღირებულება პლატფორმით სარგებლობისთვის გაწერილი არ გვაქვს, დაახლოებით ვფიქრობთ რომ მომსახურების ღირებულება 1000 დოლარიდან დაიწყება,“ - აღნიშნა თანადამფუძნებელმა.
პლატფორმა Arrival რვა თვეა სატესტო რეჟიმში მუშაობს. სამომავლო გეგმებში ევროპის და ამერიკის ბაზრის მოზიდვაა და ამაზე პლატფორმას აქტიური მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.