ქართულ ბაზარზე ნახშირის გასაღვივებლად განკუთვნილი შესაფუთი პროდუქტი - გამოჩნდა. პროდუქტის ავტორი რეზი ხოსიტაშვილი BMG-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მსგავსი პროდუქცია ქართულ ბაზარზე აქამდე არ არსებობდა და ეს მათი ინოვაციური წამოწყებაა.
"უცხოურ ბაზარზე ეს პროდუქტი საკმაოდ პოპულარულია, თუმცა საქართველოში არც იყიდებოდა და ცხადია, აქაც არ იქმნებოდა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ეს ადგილობრივი მომხმარებლებისთვის საკმაოდ საინტერესო წამოწყება იქნებოდა და ასე შევქმენით "თაკარა", რომლის მთავარი ფუნქციაც ადამიანებისთვის მწვადის თუ სხვა საკვების შეწვისას ნახშირის გაღვივების გამარტივებაა", - აცხადებს რეზი ხოსიტაშვილი.
მისივე ცნობით, "თაკარა" სხვადასხვა ხორცის მაღაზიებში უკვე იყიდება და საკმაოდ წარმატებულადაც რეალიზდება, ამის პარალელურად კი მოთხოვნა გაჩნდა ქსელური მარკეტებიდანაც.
აღსანიშნავია, რომ პროდუქტი სრულად დამფუძნებლის პირადი ინვესტიციით იქმნება და დღიურად 200-300 ერთეულს აწარმოებენ, თუმცა მოთხოვნის შესაბამისად ამ რაოდენობის ზრდაც იგეგმება.