My way ავიამიმოსვლას აშშ-შიც გეგმავს. ამ ქართულ-ჩინური ავიაკომპანიის პერსპექტივებზე Bm.ge-ს ჩინეთში საქართველოს ელჩი დავით აფციაური ესაუბრა.
"როგორც ჩემთვის ცნობილია, ხანგრძლივი თანამშრომლობის პროგრამაა შედგენილი. პირველე ეტაპზე აპირებენ ფრენების განხორციელებას რეგიონში და ახლო სახელმწიფოებში, უფრო მსხვილი ხომალდების შეძენის შემდეგ კი შეიძლება, შორეულ ადგილებში იფრინონ, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყოველ შემთხვევაში ასეთი განზრახვებია", - განაცხადა ელჩმა.
აშშ-ში და არა მხოლოდ ამ მიმართულებით ავიამიმოსვლის გეგმებზე, Bm-ge-ს ინფორმაცია თავად კომპანია My way-ს წარმომადგენელმა იგორ აფციაურმა მიაწოდა. მისი განმარტებით, სამ ეტაპად განიხილება რეისების დაგეგმვა.
"პირველ ეტაპზე რეგიონის ქვეყნებში ვიფრენთ. მეორე ეტაპზე უკვე ევროკავშირის ქვეყნებში გვექნება რეისები, რისთვისაც შესაბამისი სერტიფიკატის აღება დაგვჭირდება, რომლის ასაღებად დაახლოებით 6 თვეა საჭირო. რაც შეეხება აშშ-ს, ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა. იმისთვის რომ ამერიკაში ფრენები დაიწყოს ავიაკომპანიამ, საჭიროა მათი წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აუდიტი ჩაატარონ. შესაბამისად, ამ ყველაფერს დრო სჭირდება, თუმცა აშშ ჩვენს გეგმებში არის", - განაცხადა იგორ აფციაურმა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანიას ორი ბოინგი ჰყავს, წლოს ბოლომდე კი დამატებით, კიდევ ორ ხომალდს შეიძენს.
შეგახსენებთ, რომ My way ჩინური ინვესტიციით დაფუძნებული ავიაკომპანიაა. თავად ჩინეთში ფრენების დაწყება პირველ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა კომპანიაში ვარაუდობენ, რომ რეგიონის ქვეყნების შემდეგ, პეკინში პირდაპირი ავიამიმოსვლა შესაძლებელი იქნება.

























