მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართულ ფასიან ქაღალდებზე ინვესტორების მოთხოვნა $2.8 მილიარდამდე იყო - ფინანსთა სამინისტრო

დოლარი

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვებისას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა ქართულ ფასიან ქაღალდებზე დაფიქსირდა რეკორდულად მაღალ - 2.8 მილიარდ დოლარამდე, რაც ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობას 5.5-ჯერ აღემატება.

საქმე ისაა, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე $500 მილიონის ევროობლიგაციების გამოშვება/რეფინანსირება დასრულდა. კუპონის განაკვეთი 5.125% ოდენობით დაფიქსირდა. ფინანსთა სამინისტროს ახლად გამოშვებული ევროობლიგაციებით განხორციელდა 2021 წლის ობლიგაციების რეფინანსირება. "ევროობლიგაციების მიმდინარე გამოშვებისას დაფიქსირებული კუპონი (5.125%), ყველაზე დაბალი განაკვეთია საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის, ბოლო 4 წელიწადში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, გარდა მოზიდული ფინანსური რესურსისა, ახალი ევროობლიგაციის გამოშვება, მნიშვნელოვანია ორი ფაქტორის გამო: ის განსაზღვრავს ქვეყნის რისკის დონეს, ზომავს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებასა და ნდობას ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მიმართ.

"საქართველოს მთავრობის მიერ განთავსებული ევროობლიგაციები, როგორც ქვეყნის რისკის დონის შემცირების, ისე ინვესტორთა მაღალი ინტერესის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინდიკატორია. კერძოდ, დაფიქსირდა, რომ ქვეყნის რისკის დონე შემცირდა 50 საბაზისო პუნქტზე მეტით, ანუ 25%-ზე მეტით. ამასთან, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა ქართულ ფასიან ქაღალდებზე დაფიქსირდა რეკორდულად მაღალ - 2.8 მილიარდ დოლარამდე, რაც ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობას 5.5-ჯერ აღემატება. უშუალოდ ტრანზაქციაში, ჯამში, 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა.

თავად ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ინვესტორები ამერიკის, ევროპისა და აზიის კონტინენტებიდან ბევრად ნაკლებ რისკიანად აფასებენ საქართველოს, ასევე მზად არიან, რომ 2.8 მილიარდი დოლარის ინვესტირება განახორციელონ საქართველოს ფასიან ქაღალდებში, მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან მაღალია ინტერესი და ნდობა საქართველოს მთავრობის რეფორმების, ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ.

საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდების გამოშვებით საქართველო უფრო აქტიური იქნება მომავალში არა მხოლოდ ევროობლიგაციების, არამედ სხვა ბაზრებზეც. ინვესტორებთან შეხვედრების დროს, მაღალი ინტერესი დაფიქსირდა ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების მიმართ", - წერია პრეს-რელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები