ქართულ გუდის ყველზე ისრაელში დიდი მოთხოვნაა, ამის შესახებ BM.ge-ს კოოპერატივი "ალაზნისთავის" თანადამფუძნებელმა გიორგი აბულიძემ განუცხადა. როგორც ფერმერი ამბობს, ისრაელიდან ჩამოსული იყვნენ წარმომადგენლები, რომლებსაც გუდის ყველის ექსპორტი სურთ, თუმცა ამას ვერ ახერხებენ, რადგან არსებული შეფუთვა მათ სტანდარტებს არ შეესაბამება.
,, ისრაელში საკმაოდ დიდი რაოდენობით ყველის გატანა სურთ, თვეში დაახლოებით ტონანახევარის ექსპორტი უნდათ, მათ შორის ერთი ტონა - ცხვრის და ნახევარი ტონა ძროხის ყველის. სამომავლოდ კი ამ რაოდენობის გაორმაგება და 3 ტონამდე გაზრდა უნდათ. ამ რაოდენობას მხოლოდ ჩვენი კოოპერატივი ვერ აწარმოებს, ისინი მზად არიან სხვა ფერმერების მიერ დამზადებული ყველიც შეისყიდონ, ერთადერთი რაც ხელს უშლით ყველის შეფუთვაა. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტების დამაფასოებელი საწარმო არ არსებობს, მათი სტანდარტების შესაბამისად ყველის შეფუთვა ვერ ხერხდება“ - განაცხადა პაატა აბულიძემ.
აღსანიშნავია, რომ კოოპერატივი ალაზნისთავი უკვე აწარმოებს ყველის ექსპორტს ამერიკაში, სადაც ყოველთვე 500 კილოგრამი ყველი იგზავნება, მომავალი წლიდან კი ამ მოცულობის 25%-ით გაზრდას გეგმავენ.
,, 2016 წლიდან ვყიდით გუდის ყველს ამერიკაში, კერძოდ ნიუ იორკსა და კალიფორნიაში. ჩვენი პროდუქცია ამერიკაში ადგილობრივ ექსპორტიორ კომპანიას გააქვს, რომელიც ყოველწლიურად ზრდის მოთხოვნას. ჩვენს პარტნიორთან იანვრიდან ახალ ხელშეკრულებას ვაფორმებთ, რომლის თანახმადაც ყველის მიწოდება 25%-ით უნდა გავუზარდოთ. ჩვენი შეფუთვა ამერიკულ სტანდარტში ჯდება და ამ ქვეყანაში ექსპორტი შესაძლებელია “ - განაცხადა პაატა აბულიძემ.
კოოპერატივმა "ალაზნისთავი“ წელს 8 ტონა ყველი დაამზადა, რომლის 50%-ს ექსპორტზე, დანარჩენს კი ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის. კოოპერატივი 2015 წელს ევროკავშირის, ENPARD - ის პროექტის ფარგლებში შეიქმნა.