აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის SOCAR განცხადებით, ქართულ კომპანიასა და "გაზპრომს“ შორის დადებული ხელშეკრულება საქართველოში ბუნებრივი აირის მოწოდებაზე ვერ იმოქმედებს. როგორც SOCAR Georgia-ს ხელმძღვანელმა მაირ მამედოვმა აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა, სოკარსა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულება 2030 წლამდე მოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ ქართულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე განცხადება "გაზპრომის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა, რომლის მიხედვითაც "გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა და კომპანია "GASCOM +" ხელმძღვანელმა გიორგი მამალაძემ რუსული გაზის შესყიდვაზე ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კი კონტრაქტი არ გაფორმებულა, - "რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კონტრაქტი არ არის გაფორმებული და ძალიან დიდი ალბათობით, ალბათ, ვერ გაფორმდება. თუმცა, ვიმეორებ, რომ არის კომერციული ურთიერთობები, რომელშიც არ ვართ ჩართულები“, - განაცხადა ქუმსიშვილმა თემის კომენტირებისას.

























