28 აგვისტოს, თბილისში, Collect Art Gallery-ში თანამედროვე ქართველი და ლიეტუველი ხელოვანების — მარიამ შაქარაშვილისა და არტურას სავიცკასის ერთობლივი გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიცია სახელწოდებით "პირადი სივრცეები" პერსონალურ სივრცეს, მეხსიერებასა და ადამიანსა თუ გარემოს შორის არსებულ უხილავ კავშირებს შეისწავლის.
გამოფენა ორ სრულიად განსხვავებულ მხატვრულ პრაქტიკას აერთიანებს, რომლებიც ერთმანეთთან საინტერესო დიალოგში შედიან.
დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს მარიამ შაქარაშვილის სერია — "ხვალინდელი წერილები", რომელიც მეხსიერებისა და საიდუმლოს თემატიკას ატარებს. ავტორის ნამუშევრებში ხელნაწერები თითქოს წარსულიდანაა გამოგზავნილი და ადრესატები მათ მომავალში უნდა ელოდონ. ასემიური წერის საშუალებით გადმოცემული ტექსტი შაქარაშვილის შემოქმედებაში ვიზუალურ ენად, ნიშნად და უნიკალურ ემოციურ გამოცდილებად გარდაიქმნება.
რაც შეეხება ლიეტუველ ხელოვანს, არტურას სავიცკასის უახლეს სერიაში — "ნაწილები", ფრაგმენტაცია ფორმის, ფერის, დროის, სივრცისა და მნიშვნელობის კვლევის მთავარ ინსტრუმენტად იქცევა. მისი აბსტრაქტული კომპოზიციები მნახველს კავშირისა და განცალკევების იმ ფიზიკურ-ემოციურ და კონცეპტუალურ საზღვრებზე აფიქრებს, რომლებსაც ადამიანები საკუთარ გამოცდილებაში ვქმნით.
ღონისძიების დეტალები:
- გამოფენის გახსნა: 28 აგვისტო, 18:00 საათი;
- ადგილმდებარეობა: Collect Art Gallery (თბილისი, მცხეთის ქუჩა 48/50);
- სამუშაო საათები: 16:00 - 20:00;
გამოფენა 2 სექტემბრამდე გაგრძელდება.




























