სახელმწიფოს მხრიდან საშვების ნაწილზე პასუხი ამ ეტაპზე არ მიგვიღია - ამის შესახებ “ქართულ მაღაზიათა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარემ ლუკა ჭელიძემ “საქმიან დილაში” განაცხადა.
ჭელიძის განცხადებითვე, ასოციაციის მხრიდან საშვებზე მოთხოვნა არსებობს.
“ჩვენი ასოციაციის წევრების უმეტესობა 21 საათზე უკვე იხურება იმიტომ, რომ თანამშრომლებმა 10 საათისთვის სახლში მისვლა მოასწრონ.
საშვების მიღების შესაძლებლობა არ გვქონია იქიდან გამომდინარე, რომ არაქსელური მაღაზიების რაოდენობა ბაზარზე საკმაოდ დიდია და წინა ლოქდაუნის დროს, როდესაც საშვების გაკეთება ვცადეთ, პასუხი მივიღეთ, რომ მოთხოვნა რეალურად ძალიან ბევრ საშვზე იყო. მაღაზიის მფლობელებზე საშვები არ დაშვებულა.
სახელმწიფოს მხრიდან საშვების ნაწილზე პასუხი ამ ეტაპზე არ მიგვიღია. საკმაოდ დიდი სიაა და გადაგზავნილი გვაქვს. შესაძლოა ეს მდგომარეობა იმით აიხსნას, რომ წინა კარანტინის დროს საშვებს არამიზნობრივად იყენებდნენ.
ასევე, არაქსელურ მაღაზიებს მიწოდების ნაწილში პატარა შეფერხებები აქვთ იქიდან გამომდინარე, რომ შეზღუდულები ვართ. შესაძლოა სადისტრიბუციო კომპანიები 10 საათის შემდეგ გადაადგილდებიან, მაგრამ პროდუქციას ვერ დაარიგებენ იმიტომ, რომ 10 საათის შემდეგ მაღაზიები ღია აღარ არის. პრობლემა რეალურად გვაქვს.” - განაცხადა ჭელიძემ.
ცნობისთვის, 9 ნოემბრიდან საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისშიც საღამოს 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდა. გამონაკლისები არსებობს, თუმცა, გადაადგილების ნებართვისთვის სპეციალური საშვებია საჭირო.