ქართულ მაღაზიათა ასოციაციის თავმჯდომარის ლუკა ჭელიძის განცხადებით, ეკონომიკის ახალ მინისტრთან მათი მთავარი მოთხოვნა გაუმჯობესებული კომუნიკაცია იქნება. ჭელიძე ამბობს, რომ მათთვის მთავარია სამინისტრომ მოისმინოს და გაითვალისწინოს ასოციაციის პოზიცია, რადგან საცალო მაღაზიები ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია.
„ეკონომიკის ახალი მინისტრის განცხადება, რომ ის მცირე და საშუალო ბიზნესის ლობისტი იქნება მისასალმებელია. ჩვენ ვეცდებით აქტიურ კავშირზე ვიყოთ სამინისტროსთან. მთავარია მთავრობამ მოგვისმინოს იმ რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე მიღებულია ან მომავალში მიიღებენ. ეს იმიტომ გვსურს, რომ შესაძლოა რომელიმე რეგულაციის შემოღების შემდგომ ცალკეულმა მაღაზიებმა საერთოდ ვეღარ შეძლონ საქმიანობის გაგრძელება.“ - აღნიშნა ჭელიძემ.
ასოციაციის თავმჯდომარემ პოლიეთილენის პარკების შესახებ რეგულაციაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ოქროს შუალედის მოძებნაა საჭირო, რადგან არც ბიზნესი დაზარალდეს და არც გარემოს დაცვა დარჩეს უყურადღებოდ.
„ვფიქრობ, აუცილებელია ოქროს შუალედის მოძებნა. გარემოს დაცვა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ვიღაცის ხარჯზე. ასოციაციის წევრებისგან რა ინფორმაციაც გვაქვს, რეგულაციის შედეგი უარყოფითია, რადგან ისინი არ იყვნენ ინფორმირებულები და მომზადებულები“ - აღნიშნა ჭელიძემ.

























