მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართულ ოცნებას" ქართველი ხალხის ინტერესები მძევლად ჰყავს აყვანილი - ეკა აკობია

ეკა აკობია

კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი ეკა აკობია ამბობს, რომ უვიზო რეჟიმი არის სიკეთე, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს მოსახლეობას და ქვეყანას გარკვეული პირობებით მისცა.

როგორც მან "ანალიტიკაში თქვა, დღეს "ქართული ოცნება" თავს ესხმის ევროკავშირს და მძევლად ჰყავს აყვანილი ქართველი ხალხი, რომლის ინტერესშიც უვიზო რეჟიმის შენარჩუნებაა.

"ვიზალიბერალიზაცია არის სიკეთე, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს და მის მოსახლეობას მისცა. ასევე მისცა საქართველოს სახელმწიფოს, რომელსაც მეტ-ნაკლებად ჰქონდა ევროინტეგრაციის ტრაექტორია, რომელიც რეფორმებს მეტ-ნაკლებად წარმატებით ასრულებდა, ევროკავშირს თავს არ ესხმოდა, ითვალისწინებდა ევროკავშირში გაწევრიანების ვალდებულებებს და ევროპეიზაციის მოთხოვნებს.

დღეს სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტად აქცია ევროკავშირზე თავდასხმა. გზავნილი არის ის, რომ ჩვენ შიგნით რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ, როგორც აკეთებენ სხვა ავტორიტარული სახელმწიფოები, რომელსაც არც აქვთ პრეტენზია დემოკრატიულ განვითარებაზე, თქვენ ამაზე თვალი დახუჭეთ და ჩვენ გავაგრძელებთ ასე ორ სკამზე ჯდომას. საერთაშორისო ვიზიტებში როცა ჩამოვალთ ვიტყვით, რომ გვინდა ევროპა, მაგრამ როცა შინ დავბრუნდებით მოვიქცევით არა როგორც ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ანგარიშვალდებული არიან ელექტორატის წინაშე, არამედ როგორც სამუდამო მმართველები. როგორც ხდება 13 წლის განმავლობაში, როცა იხსნებიან პოლიტიკოსები ისე, რომ ვიცით გადადგნენ იმიტომ, რომ შიგნით გუნდში ყავლი გაუვიდათ ან ოლიგარქს, რომელიც მართავს ამ პოლიტიკურ ავანსცენას, რაღაცა არ მოეწონა. ამიტომ ვიზალიბერალიზაცია ინსტრუმენტი კი არ არის, შეიძლება ითქვას, რომ მძევლად ჰყავს აყვანილი პოლიტიკური მართვის ამ ფორმაციას. შესაბამისად ქართველი ხალხის ინტერესებიც მძევლად ჰყავს აყვანილი ამ პოლიტიკურ გუნდს.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც გააჩნია ევროკავშირს. განიხილება ასევე ასოცირების შეთანხმების გარკვეული ნაწილების შეჩერება, მათ შორის ყველაზე ხშირად ახსენებენ ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო ურთიერთობებს, სავაჭრო შეთანხმების შეჩერებას, მაგრამ ასევე ესაუბრებიან საქართველოს მონაწილეობის შეჩერებაზე რეგიონულ ფორმატებში", - ამბობს აკობია.

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი 15 ივლისიდან გააქტიურდა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ ქართულ მხარეს გამოუგზავნა წერილი, სადაც ხაზგასმულია, რომ უვიზო რეჟიმი, რაც საქართველოს ევროკავშირთან აქვს პრივილეგიაა და ის შეიძლება შეჩერდეს, თუ აგვისტოს ბოლომდე ვიზალიბერალიზაციის 2024 წლის დეკემბრის ანგარიშში გაწერილი პირობები არ შესრულდება.

მანამდე ბრიუსელში სანქციების საკითხი კიდევ ერთხელ განიხილეს, ევროკომისიის ბოლო შეთავაზება ორ ქართველი მოსამართლისთვის აქტივების გაყინვა და ევროკავშირში შესვლის აკრძალვა იყო. თუმცა უნგრეთმა და სლოვაკეთმა შეხვედრამდე თქვეს, რომ სანქციებს მხარს არ დაუჭერდნენ. 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის უფლება აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები