მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელის ალეკო პაპავას განცხადებით, ქართულ თაფლზე მოთხოვნა წამოსულია ჩინეთიდან და თურქეთიდან. მისი თქმით, თაფლის ექსპორტის მიზნით, მიმდინარეობს სხვადასხვა ბაზარზე მუშაობა, მათ შორის ევროკავშირში ექსპორტზეც. თუმცა, ჯერ შიდა ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაა პრიორიტეტი, სადაც მისივე თქმით, მოხმარება გაზრდილია.
„ჩვენ ვართ თაფლის მოსავლის აღების პროცესში ვართ.წელს თაფლის რაოდენობა შარშანდელთან შედარებით ნაკლები არ იქნება. ამინდებზეა ყველაფერი დამოკიდებული, თუმცა ჯერჯერობით ამინდი გვიმართლებს. შიდა ბაზარზეც გაზრდილია მოთხოვნა. ვცდილობთ ჯერ შიდა ბაზრის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა ალეკო პაპავამ.
ცნობისთვის, 2024 წლიდან დასავლეთ საქართველოში ფუტკრის პარაზიტი ტროპილელაფსი გავრცელდა. ის ფუტკრის ოჯახების დასუსტებასა და განადგურებას იწვევს. შესაბამისად, გაჩნდა ეჭვიც, რომ ქვეყანაში თაფლის წარმოება შემცირდება და გაძვირდება კიდეც. მაგრამ, როგორც ალეკო პაპავა ამბობს, დაავადებასთან ბრძოლის შესახებ ისინი მეფუტკრეების აქტიურ ინფორმირებას უზრუნველყოფენ, რაც მწარმოებლებს კატასტროფული შედეგებს ააცილებს თავიდან.
რაც შეეხება ექსპორტის სტატისტიკას, ბოლო წლებში თაფლის ექსპორტი კლებადია. 2024 წელს მხოლოდ 271 150 აშშ დოლარის 34 ტონა თაფლი გავიტანეთ უცხოეთში, 2023 წელს 762 060 აშშ დოლარის 110 ტონა, 2022 წელს კი - 1,1 მლნ აშშ დოლარის 258 ტონა.
საექსპორტო ქვეყნები კი 2024 წელს ძირითადად არაბთა გაერთიანებული საამიროები, აზერბაიჯანი და აშშ იყო. მათ შორის უმნიშვნელო წილი მხოლოდ 1 ტონა გავიდა ევროკავშირის ბაზარზე. როცა მაგალითად 2022 წელს 210 ტონა თაფლი გავიტანეთ ევროპაში.




























