საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის უცხოეთში ფილიალების დაფუძნების სამართლებრივი მექანიზმი იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მოამზადა.
პარლამენტში ინიციირებული პაკეტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონებში ცვლილებებს ითვალისწინებს.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ უცხო ქვეყანაში ფილიალის დაფუძნების ინტერესი საქართველოში მოქმედმა სხვადასხვა უნივერსიტეტებმა გამოხატეს, ამიტომ მნიშვნელოვანია, შეიქმნას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები.
ცვლილებებით, საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ენიჭებათ უფლება, მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობის დაცვით დააფუძნონ ფილიალები უცხო ქვეყანაში. მსგავს ფილიალებში საქმიანობის დასაწყებად სავალდებულო იქნება შესაბამისი უფლების მოპოვება (ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმებით) და პროგრამების აკრედიტაცია. დიპლომს გასცემს ქართული უნივერსიტეტი, ხოლო დიპლომის დანართში მიეთითება უცხო ქვეყნის ფილიალში სწავლის შესახებ. უცხოეთის ფილიალში მისაღები სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრება ცალკე და არ შევა საქართველოში არსებული ძირითადი კამპუსის კვოტაში.
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობის შემცირებისა და პროფესიული პროგრამების შედარებით მცირე ხანგრძლივობის გათვალისწინებით, პირობითი აკრედიტაციის მაქსიმალური ვადა ოთხიდან ორ წლამდე შემცირდება, ხოლო სტუდენტისა და პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების ვადა - ხუთიდან სამ წლამდე. ამ პერიოდში მათ შეუნარჩუნდებათ მობილობით სარგებლობისა და სწავლის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაგრძელების შესაძლებლობა.
დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებისთვის აღარ იქნება საჭირო გამოცდების უცხო ქვეყანაში, ადგილზე ჩაბარება. შენარჩუნდება საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიმართ არსებული მოთხოვნები და პრაქტიკული, ლაბორატორიული, კლინიკური ან სამუშაო ადგილზე სწავლების კომპონენტებთან დაკავშირებული შეზღუდვა.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილი იქნება, შესაბამისი დაწესებულების ავტორიზაციის ან ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების პროცესში მიიღოს გადაწყვეტილება სტუდენტთა მიღების უფლების არანაკლებ 1 და არაუმეტეს 3 წლის ვადით შეზღუდვის შესახებ.
გეგმური და არაგეგმური შემოწმებების პარალელურად, შემოდის განგრძობითი შემოწმების მექანიზმი, რაც სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საშუალებას მისცემს, სასწავლო და კვლევით პროცესებს უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დააკვირდეს.
სააპელაციო საბჭოში შესაძლებელი ხდება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოების ყველა გადაწყვეტილების გასაჩივრება (ნაცვლად მხოლოდ ავტორიზაციაზე/აკრედიტაციაზე უარის თქმის ან გაუქმების გადაწყვეტილებებისა).
ცვლილებები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შემოსავლებს გაზრდის ახალი და გაფართოებული ფასიანი ადმინისტრაციული წარმოებების საფასურებიდან:
- უცხოეთში ფილიალის გახსნის უფლების მოპოვება: საორიენტაციო საბაზო საფასური ერთ წარმოებაზე 30 000 – 50 000 ლარია, რასაც დაემატება უცხოეთში ვიზიტის სამივლინებო ხარჯი. სამინისტროს ცნობით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში სავარაუდოდ, მოსალოდნელია ცენტრში წელიწადში არაუმეტეს ორი განაცხადის წარმოდგენა. აღნიშნულ შემთხვევაში ცენტრის წლიური შემოსავლის საბაზო ნაწილი საორიენტაციოდ 60 000 –100 000 ლარი იქნება.
- ფილიალის პროგრამების სავალდებულო აკრედიტაცია: საფასურები განისაზღვრება პროგრამების რაოდენობის მიხედვით: 1–2 პროგრამაზე - 35 376 ლარი, 3–4 პროგრამაზე - 55 634 ლარი, ხოლო 5–8 პროგრამაზე - 89 244 ლარი. სამინისტრო მოელის, რომ წელიწადში მიმართვიანობა მაქსიმუმ, 5 განაცხადით განისაზღვრება.
- სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა: ერთი წარმოების საფასური შეადგენს 6 328 ლარს (მივლინების საჭიროებისას - 8 134 ლარს). მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ცენტრის შეფასებით, სავარაუდო მომართვიანობა იქნება წელიწადში არაუმეტეს 10 განაცხადი და წარმოების საფასურის სახით ცენტრი მიიღებს 66 892 ლარს.
- საქმიანობის მისამართის ან ფართის ცვლილება: ერთი წარმოების საფასური დაახლოებით 3 000 – 5 000 ლარი იქნება. სავარაუდოდ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებებით ჯამში, წელიწადში მომართვიანობა 10 განაცხადით განისაზღვრება. აღნიშნულ შემთხვევაში ამ მომსახურებიდან ცენტრის მთლიანი წლიური შემოსავალი საორიენტაციოდ 30 000–50 000 ლარი იქნება.
- სააპელაციო საჩივრების განხილვა: გასაჩივრებას დაქვემდებარებული გადაწყვეტილებების წრის გაფართოების შედეგად წელიწადში მაქსიმუმ 5 დამატებითი საჩივრის წარდგენისას ცენტრი დასაშვებობის საფასურიდან მიიღებს 1 000 ლარს (თითო საჩივარზე 200 ლარი), ხოლო განხილვის საფასურიდან - 13 885 ლარს (თითო საჩივარზე 2 777 ლარი).
























