ქართულ-ყაზახური ინვესტიციით ფოთში საკონტეინერო ტერმინალი 2025 წლის აპრილში გაიხსნება. ინფორმაციას თავად ინვესტორი კომპანია PTC Holding-ი ავრცელებს. საკითხზე ყაზახეთში ვიზიტისას, ირაკლი კობახიძისა და ყაზახეთის პრემიერის შეხვედრაზეც ისაუბრეს.
PTC Holding-ის ცნობით, ახალი ტერმინალი 9 ჰექტარ ტერიტორიას იკავებს და წლიურად 80 ათასი კონტეინერის მომსახურება შეეძლება. პროექტს ყაზახური მხარე ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებენ.
„ეს ფოთის პორტში პირველი ყაზახური ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს ორმხრივი ტრანსპორტირების განვითარებასა და ლოგისტიკური ქსელის გაუმჯობესებას. ყაზახეთსა და საქართველოს შორის გასულ წელს ტვირთის 62%-იანი ზრდა ადასტურებს ამ პროექტის მნიშვნელობას ბიზნესისა და სატრანსპორტო ინდუსტრიისთვის“, - აცხადებს კომპანია.
ფოთის პორტში საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო. მაშინ BMG-ს კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ პროექტის განხორციელებისთვის პარიტეტულ საწყისებზე ერთობლივი საწარმო Poti Transterminal-ი შეიქმნა, სადაც ქართულ მხარესა და PTC Holding-ს თანაბარი 50%-იანი წილები აქვთ. პროექტის ჯამური ინვესტიცია კი 15 მილიონი დოლარი იქნება, საიდანაც ნახევარს ქართული, ნახევარს კი ყაზახური მხარე დაფარავდა.
Poti Transterminal-ის 50% PTC Holding-ი ფლობს, 35% - მამუკა მერკვილაძე, 10%-ს კახაბერ ლატარია, 5%-ს - ნათიგ ჯაფაროვი.




























