ბოლო ათ თვეში კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში ხელშეკრულების დადებამდე მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევის თაობაზე შესულია 12 განცხადება, ჯამში 20 მოვაჭრის წინააღმდეგ, აქედან 6 მოვაჭრის მიმართ არ დაიწყო/შეწყდა დაწყებული წარმოება მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესის/კანონით სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო. ერთი მოვაჭრის მიმართ კი სააგენტომ სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე დაასრულა საქმის შესწავლა, კერძოდ, საქმის შესწავლის
ფარგლებში სააგენტომ განიხილა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებები და ჩათვალა, რომ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგად კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი აღარ იარსებებს.
ამის შესახებ რომან გოცირიძის სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებულ წერილშია აღნიშნული.
როგორც კონკურენციის სააგენტო იტყობინება, 22 აგვისტოს მდგომარეობით, 13 მოვაჭრის მიმართ მიმდინარეობს საქმის შესწავლა და საქმისწარმოება ჯერ არ არის დასრულებული. აღნიშნული 13 მოვაჭრიდან 10 მოვაჭრეზე ინფორმაცია სააგენტოს ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიაწოდა. ინსპექციამ ბათუმის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივ კვების ობიექტებში მონიტორინგისას გამოავლინა, რომ მოვაჭრეების კვების ობიექტებში საცნობარო (კვების) მენიუ შედგენილი და განლაგებულია მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე.
ამასთან, დღეის მდგომარეობით, არცერთი მოვაჭრის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული კანონით გათვალისწინებული - დარღვეული უფლების აღდგენის შესახებ მითითება, აკრძალული ქმედების შეწყვეტის მოთხოვნა, ან რეაგირების ზომა - ჯარიმა.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში მომრავლდა შემთხვევები, როდესაც უცხოელი – ძირითადად, რუსი – მეწარმეები ქართულენოვან მომხმარებელს ქართულად მომსახურების გაწევაზე უარს უცხადებენ. ამით ისინი კანონს არღვევენ, რადგან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურება განახორციელოს ქართულ ენაზე.