მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული აბრეშუმის მწარმოებელი "ნართინი" სასკოლო ექსკურსიებს იწყებს - კომპანიის გეგმები

აბრეშუმი

ქართული აბრეშუმის მწარმოებელი „ნართინი“ თვის ბოლოდან სასკოლო ექსკურსიების მიღებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა თამარ თედიაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" განაცხადა.

მისი თქმით, საგარეჯოში მდებარე "ნართინის" სივრცე, სადაც აბრეშუმის წარმოების პროცესი მიმდინარეობს, ეტაპობრივად საგანმანათლებლო ფუნქციასაც იძენს და ვიზიტორებს ტრადიციული ტექნოლოგიების გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.

„თვის ბოლოდან სასკოლო ექსკურსიების გეგმას ვგეგმავთ... ამასთან, მოთხოვნიდან გამომდინარე დაგვჭირდა ვებგვერდის შექმნა, რათა მომხმარებლებისთვის ჩვენი პროდუქცია უფრო მარტივად ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ამ ეტაპზე საიტი სატესტო რეჟიმში მუშაობს და თვის ბოლოდან სრულად ამოქმედდება“, - აღნიშნავს თედიაშვილი.

ცნობისთვის, "ნართინი" მცირე საწარმოს წარმოადგენს, სადაც 10 ქალია დასაქმებული. კომპანიაში აცხადებენ, რომ პროდუქცია მზადდება ეკომეგობრული მიდგომით და ნარჩენების მინიმიზაციაზეა ორიენტირებული.

როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, კომპანიას უკვე აქვს შესაძლებლობა წარმოების მოცულობა გაზარდოს, თუმცა ამ ეტაპზე, ფიზიკური მაღაზიების გახსნა არ იგეგმება.

"მაღაზიები ამ ეტაპზე არ გვაქვს - მხოლოდ სახელოსნო ფუნქციონირებს. წელს ფიზიკურ ობიექტებში გასვლას არ ვგეგმავთ, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ვებგვერდისა და საწარმოს განვითარებაა. მომავალში, შესაძლოა, ეს გეგმებიც განვიხილოთ", - ამბობს თედიაშვილი და დასძენს, რომ პარალელურად, საწარმო საგანმანათლებლო სივრცედაც ყალიბდება.

„წარმოების პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის - სახალისო და შემოქმედებითი. აქედან გამომდინარე გამიჩნდა იდეა, სამკერვალოსთან ერთად დამეარსებინა სახელოსნო, სადაც ბავშვები, მოზარდები და ზოგადად, ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანები შეძლებენ გაეცნონ აბრეშუმის წარმოებასა და ტრადიციებს“, - განაცხადა "ნართინის" დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები