მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბანკები ობლიგაციების გამოშვებას გეგმავენ - ირაკლი ელაშვილი

ირაკლი ელაშვილი

2024 წელს, კაპიტალის ბაზარზე შესაძლოა, ქართული ბანკების მიერ გამოშვებული ობლიგაციები გამოჩნდეს - ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“ მმართველმა პარტნიორმა ირაკლი ელაშვილმა „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა.

ელაშვილი ამბობს, რომ ამ კუთხით სიახლეებს ელიან და ახალი სექტორი გახდება საჯარო ემისიის ბაზარზე. საინვესტიციო ბანკში ობლიგაციების ბაზარზე ზრდის ტემპის შენარჩუნებას ელიან, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, დაანონსებული სახელმწიფოს ხელშემწყობი პროგრამა და არსებული ბონდების რეფინანსირება.

„2022 წელს დიდი რაოდენობით ობლიგაციების ემისია განხორციელდა, რომლის დაფარვის ვადა მოდის 2024 /25 წლებში. ამიტომ, ან უნდა მოხდეს ამ ობლიგაციების განაღდება, ან რეფინანსირება ახალი ემისიის სახით. ველით, ასეთი ემისიების დიდ რაოდენობას. გარდა ამისა, „ალფა კაპიტალ ედვაიზორი“ აქტიურად ვმუშაობდით ბანკებთან, რომ ისინიც გამხდარიყვნენ კაპიტალის ბაზრის მონაწილეები, როგორც ემიტენტები და არა როგორც ინვესტორები. ამ კუთხითაც ბაზარზე ვიხილავთ სიახლეებს. ვფიქრობ, ეს საჯარო ემისიის ბაზრის ახალი სექტორი გახდება. ასევე ველით, რომ ამ პროგრამის („აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებით ბონდების გამოშვება) ფარგლებშიც საშუალო ზომის კომპანიები შეძლებენ კაპიტალის ბაზრის დებიუტანტები გახდნენ“, - მიიჩნევს ირაკლი ელაშვილი.

„ალფა კაპიტალ ედვაიზორის“ მმართველი პარტნიორის შეფასებით, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის ფარგლებში სახელმწიფოს აქტივობას დიდი მნიშვნელობა აქვს და ახალ მოთამაშეებს გამოიყვანს ბაზარზე, მათ შორის, არის შანსი, საშუალო ზომის კომპანიებმაც მოახდინონ ბონდების ემისია.

მთავრობა 2024 წელს კაპიტალის ბაზრის გააქტიურებისთვის რამდენიმე ღონისძიება ანონსდება. სამთავრობო პროგრამის მიხედვით, კომპანიებს ბონდების გამოშვებაში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაეხმარება. პროექტის ფარგლებში 2024 წლის განმავლობაში, დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც 150 მილიონამდე დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე.

სააგენტო კერძო კაპიტალის ფონდების დაფუძნებაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც სახელმწიფო ლიმიტირებული პარტნიორი იქნება. მომდევნო 3 წლის განმავლობაში 2-3 ფონდის მხარდაჭერაა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელთან შედარებით 2023 წელს ობლიგაციების ბაზარი დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა. საჯარო ობლიგაციების ემისიის ჯამური მოცულობა 1.139 მლრდ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები