გუშინ ტექნოლოგიური და ბიზნესკონსალტინგის ლიდერ BDO Digital-სა და წამყვან ბიზნესმედია პლატფორმა BMG-ის შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს უპრეცედენტო B2B ღონისძიებების პლატფორმის, Industry Talks-ის შექმნას. ეს პარტნიორობა სცილდება სტანდარტული თანამშრომლობის ჩარჩოებს და მიზნად ისახავს ერთიანი ბიზნეს-ეკოსისტემის ჩამოყალიბებას, სადაც ქვეყნის ციფრული დღის წესრიგი დაიწერება. Industry Talks თავისი არსით იქნება მაღალი დონის ბიზნესფორუმების უწყვეტი ციკლი, რომელიც ეტაპობრივად დაფარავს ეკონომიკისთვის კრიტიკულ სექტორებს და მმართველ რგოლს გამოცდილების გაზიარების სრულიად ახალ, ინტერაქციულ ფორმატებს შესთავაზებს. პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, ინდუსტრიების სპეციფიკის გათვალისწინებით, ფოკუსირებული იქნება როგორც რეალურ პრაქტიკულ ქეისებზე, ისე ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ცვლილებების მართვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევებზე.


































