ქართული ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციისთვის/BDO Digital-სა და BMG-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ტექნოლოგიური და ბიზნესკონსალტინგის ლიდერსა და წამყვან ბიზნესმედია პლატფორმა BMG-ის შორის გაფორმებული მემორანდუმი მიზნად ისახავს უპრეცედენტო B2B ღონისძიებების პლატფორმის, Industry Talks-ის შექმნას. ეს პარტნიორობა სცილდება სტანდარტული თანამშრომლობის ჩარჩოებს და მოიაზრებს ერთიანი ბიზნეს-ეკოსისტემის ჩამოყალიბებას, სადაც ქვეყნის ციფრული დღის წესრიგი დაიწერება. Industry Talks თავისი არსით იქნება მაღალი დონის ბიზნესფორუმების უწყვეტი ციკლი, რომელიც ეტაპობრივად დაფარავს ეკონომიკისთვის კრიტიკულ სექტორებს და მმართველ რგოლს გამოცდილების გაზიარების სრულიად ახალ, ინტერაქციულ ფორმატებს შესთავაზებს. პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, ინდუსტრიების სპეციფიკის გათვალისწინებით, ფოკუსირებული იქნება როგორც რეალურ პრაქტიკულ ქეისებზე, ისე ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ცვლილებების მართვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევებზე.


































