Maroma Fashion Agency საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის პრომოციას იწყებს. სულ მალე MAROMA COLLECTION-ი და სხვა ქართული ბრენდები საფრანგეთში, ჯგუფ „გალერი ლაფაიეტის“ შანზელიზეს ფილიალში იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ Maroma Fashion Agency-ის დამფუძნებელმა, მადო რომანაძემ ისაუბრა.
„მე როგორც საქართველოს ტანსაცმლის და მოდის ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრს და ლონდონის, ტოკიოს და პარიზის ოფიციალური მოდის კვირეულების შოურუმების რეგიონალურ მენეჯერს, მაქვს მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტაქტები, რომლის საშუალებითაც ქართული ბრენდებისთვის ექსპორტის ახალი ბაზრების გაჩენაა შესაძლებელი. დავიწყეთ სწორედ ამ მიმართულებით მუშაობა. 4 მაისს ამ მიზნით ძალიან მაღალი რანგის შეხვედრა ჯგუფ "გალერი ლაფაიეტის" დირექტორთან შედგა, სადაც ქართული ტოპ ბრენდები წარვადგინეთ. ინტერესი გავაჩინეთ, დავიწყოთ თანამშრომლობა და შევთანხმდით, რომ პირველი კოლაბორაცია 2025 წელს შედგება ისეთი ფორმით, რომელიც ქართულ კომპანიებს ძალიან დიდ წარმატებას მოუტანს“, - აღნიშნა მადო რომანაძემ.
მისივე თქმით, მოდის ფედერაციის მხარდაჭერით შეხვედრა მოქმედი მოდის კვირეულის შოურუმის მენეჯმენტთანაც გაიმართა, TRANOI Show, სადაც შეთანხმდნენ, რომ 2024 წლის 4-5 სექტემბერს Maroma Fashion Agency შერჩეულ დიზაინერებს ქართული კუთხის სახით TRANOI Tokyo Show-ზე წარადგენს. აღნიშნული შოუ პირველად ტარდება და კონტაქტების უმსხვილეს ბაზას წარმოადგენს, ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნების ბაიერებისა, როგორიცაა - იაპონია, სამხრეთ კორეა და ჩინეთი.
„მნიშვნელოვანი არის ის, რომ „ლა ფაიეტში“ არ იქნება მხოლოდ ერთი ბრენდი წარმოდგენილი. იქნება მულტიბრენდული სივრცე, სადაც 10-მდე ქართველ დიზაინერს და ბრენდს თავისი კოლექციის წარდგენის საშუალება ექნება. 2 კვირაში დაიწყება სელექცია. ჩვენგან გადაიგზავნება მოთხოვნილი მასალები და მათი ექსპერტული გამოცდილებით შეირჩევა ბრენდები. ჩვენი ჩართულობა შერჩევის პროცესში მინიმალურია“, - აღნიშნა მადო რომანაძემ.
ქართულ ბრენდი „მარომა ქოლექშენი“, რომლის იდეაც სრულიად ქართულია, თავის კოლექციებში ქართულ კულტურულ ელემენტებს იყენებს და ტანსაცმელს ქმნის. ქართული ბრენდი იაპონიის ბაზარზე წარმატებულ ოპერირებას აგრძელებს. „მარომას“ კოლექციებს ტოკიოში მდებარე სავაჭრო ცენტრში „სეიბუში“, „მარომას“ შოურუმში შეხვდებით.