მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბრენდი Kaveuli 2023 წელს ახალი სუნამოს წარმოებას აანონსებს

63933695ea9e3
ვიქტორია მღებრიშვილი
09.12.22 18:25
1150
ქართული ბრენდი Kaveuli 2023 წელს ახალი სუნამოს წარმოებას აანონსებს. სიახლის შესახებ ინფორმაცია ბრენდის დამფუძნებელმა თამარ ქაფიანიძემ BM.GE-ს გაუზიარა.

აღსანიშნია, რომ 2018 წელს დაფუძნებული ბრენდი Kaveuli ძვირფასი ლითონების ხელნაკეთი სამკაულების, არტიზანული პარფიუმერიისა და BEAUTY OBJECT-ის ხაზს აერთიანებს და განსხვავებული ხედვითა და მაღალი ხარისხით მომხმარებელს ნიშურ პროდუქტს სთავაზობს.

თამარ ქაფიანიძე მის მიერ შექმნილი ახალი სუნამოს შესახებ დეტალების გაჟღერებისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს სურნელი, მისი პირველი ორი პროდუქტისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება.

„ჩემი პირველი სუნამო Kaveuli-ს კონცეფციას პასუხობს. სიტყვა „კავეული“ ქართულია და რკინის პატარა ნივთებს ნიშნავს, ამიტომ ამ სუნამოში გავაერთიანე როგორც აბასთუმანში გატარებული ბავშვობის მოგონებები, ასევე ბრენდის კონცეფცია, რადგან სუნამოს ვერცხლის გირჩის გულსაკიდი მოჰყვება. ეს ყველაფერი ჩანაფიქრს კარგად პასუხობს. Kaveuli როგორც ცივი, მძაფრი სუნამო, ისე კლასიფიცირდება, რომელშიც წიწვოვანი ტყის ნოტები იკვეთება. ეს სუნამო ჩემს იტალიელ პარტნიორთან ერთად შევქმენი და მისი წარმოების ლიცენზია იტალიაში 2019 მოვიპოვე. Kaveuli-ს წარმოება იტალიაში მოხდა.

მეორე სუნამო Venera-ა, რომელიც გაცილებით უფრო მსუბუქი, ტკბილი ხის არომატია. მასში გავაერთიანე ალუბლის ნაყოფი, ყვავილი და ის უფრო მაცდურია, რადგან ე.წ. ქალის ინგრედიენტებს დამატებული აქვს თამბაქოს და ყავის ინგრედიენტები. ეს არტიზანული სუნამოა, რომელიც საქართველოში ვაწარმოეთ.

მესამე არომატის წარმოება 2023 წელს დაიწყება. სახელი და კონცეფცია უკვე მოფიქრებულია და ამ ეტაპზე დამხმარე საშუალებების მობილიზების საორგანიზაციო საკითხებს ვაგვარებთ. მესამე არომატი პირველი და მეორე სუნამოებისგან თავისი კონცეფციით, შექმნის ისტორიითა და სურნელის კლასიფიკაციით განსხვავებულია. თუ პირველი მძაფრი და მწარეა, მეორე - ტკბილი და თბილი, მესამე ამ ორისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება“, - განაცხადა თამარ ქაფიანიძემ.

პარფიუმერის მიერ წარმოებული სუნამოების Kaveuli-ს და Venera-ს შეძენა მსურველებს მაღაზიებში: Aromateque, Sauvage და Ieri Store-ში შეუძლიათ. Kaveuli-ს ღირებულება 1749 ლარია, ვერცხლის გირჩის სამკაულით კი 1943 ლარი, ხოლო Venera-ს ფასი 870 ლარია.

„ჩემი წარმოება ინდუსტრიული არ არის, არტიზანული პროდუქტი ერთეულებით იყიდება“, - აღნიშნავს ბრენდისა და სუნამოების ავტორი და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ბაზრისთვის სუნამოების ღირებულება დაბალი არ არის, პროდუქტზე მოთხოვნა მზარდია.

„სუნამოების ღირებულება საკმაოდ მაღალია და მას ის ინგრედიენტები განსაზღვრავენ, რომლითაც არომატებს ვქმნით. მაგალითისთვის პირველ სუნამოს 7 უნიკალური ინგრედიენტი აქვს. Kaveuli პირველი ქართული სუნამოა, რომელშიც ქართული ინგრედიენტი გამოვიყენე - სხვა არომატებთან ერთად მასში კავკასიური სოჭის არომატია, რაც სხვა სუნამოებში არ გვხვდება. შესაბამისად, არტიზანული სუნამოების ნიშა თავისუფალია. ზოგადად, საერთაშორისო ბაზარზე არტიზანულ ნაწარმს ამ ბოლო დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, ეს არ არის ინდუსტრიული პროდუქტი, რომელიც უფრო მასობრივია. მიუხედავად სუნამოების ნიშურობისა, მომხმარებელმა ისინი ძალიან კარგად მიიღო და მათი გაყიდვაში ჩაშვების შემდეგ მოთხოვნა ორივე მათგანზე მზარდია“, - უთხრა BM.GE-ს თამარ ქაფიანიძემ.

Kaveuli-ს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ნიშური პროდუქტის წარმოებისას, მათი გამოწვევა დამხმარე საშუალებების მობილიზებაა.

„ჩვენი სერიოზული გამოწვევა დამხმარე საშუალებებია, რომელიც საქართველოში არ იწარმოება. ამის შეკვეთა საზღვარგარეთ გვიწევს და თვეების განმავლობაში ბოთლის ძიებაში ვართ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი წარმოება არტიზანულია, მე დიდი რაოდენობის ბოთლი არ მინდა, ეს კი გარკვეულ სირთულეებს ქმნის“, - აღნიშნავს ქაფიანიძე.

ბრენდის ავტორი ამბობს, რომ მომავალი წლიდან Kaveuli-ს სიახლეები სამკაულების და BEAUTY OBJECT-ების მიმართულებითაც ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები