გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის - ‘’ქართული ჩაის“ ფარგლებში, 2016 წლიდან 2018 წლის 31 აგვისტომდე 39 პროექტი დაფინანსდა და რეაბილიტირებულია ან რეაბილიტაციის პროცესშია 907 ჰა ფართობი.
სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ სახელმწიფო პროგრამებზე ოპერატიული სტატისტიკური მონაცემები თავად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაამუშავა.
მათი ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში განხორციელებულმა ჯამურმა ინვესტიციამ 2.3 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 1.6 მლნ სახელმწიფო თანადაფინანსებას წარმოადგენს, ხოლო 0.69 მლნ კი - ბენეფიციარის თანამონაწილეობაა.
„სახელმწიფოს მიერ ინვესტირებულმა ერთმა ლარმა მოიზიდა 0.44 ლარი ინვესტიცია. აღსანიშნავია, რომ ჯამურ ინვესტიციაში შედის მხოლოდ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის საჭირო ინვესტიციები, მასში არაა შეტანილი ისეთი ხარჯები, როგორებიცაა: შემოღობვა, ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა, სტანდარტების დანერგვა და ა.შ.პროგრამის ფარგლები შეიქმნება 310 სამუშაო ადგილი. თითო პლანტაციაშია დასაქმებულთა რაოდენობა სეზონურად 10-დან 40 ადამიანამდეა, სულ სეზონურად დასაქმებულთა რაოდენობა იქნება 620 ადამიანი. საშუალო ხელფასი საწარმოში დასაქმებულთათვის საშუალო 400 ლარი იქნება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ მომზადებულ პრეზენტაციაში.