საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში მონიტორინგის მენეჯერის პოზიციაზე ფედერაციის პრეზიდენტის ახლო ნათესავი (ფედერაციის პრეზიდენტის შვილი) იყო დასაქმებული, რომლის შრომის ანაზღაურებამ 2016-2017 წლებში 25,375 ლარი შეადგინა.
ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია საუბარი, რომლის საგანს წარმოადგენდა ა(ა)იპ საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული ხარჯვითი ოპერაციების შესაბამისობა მოქმედ საკანონმდებლო და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან.
„ფედერაციაში დასაქმებულ პირებზე ხელფასების გაცემის წყაროს წარმოადგენს სპორტის სამინისტროსა და ფედერაციას შორის 2016-2017 წლებში გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად მიღებული მიზნობრივი გრანტები.
აღნიშნული ხელშეკრულებების მიხედვით, ფედერაციაში დასაქმებული თანამშრომლების სახელფასო ფონდი 2016 წელს შეადგენდა 34, 800 ლარს, 2017 წელს კი − 39,000 ლარს. წესდების შესაბამისად, საშტატო განრიგს და აპარატის კადრებს გენერალური მდივნის წარდგინებით ამტკიცებს ფედერაციის პრეზიდიუმი.
მოცემული მოთხოვნის შეუსაბამოდ, საშტატო ერთეულები და სახელფასო განაკვეთები დადგენილია შესამოწმებელ პერიოდში ფედერაციის ყველაზე მაღალ ანაზღაურებად − მონიტორინგის მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებული იყო პრეზიდენტის ახლო ნათესავი (ფედერაციის პრეზიდენტის შვილი), რომლის შრომის ანაზღაურებამ ამ პერიოდში შეადგინა 25,375 ლარი (მათ შორის, პრემია − 375 ლარი);
შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული არ იყო ე.წ. „მონიტორინგის“ ფარგლებში განსახორციელებელი კონკრეტული საქმიანობა.
აუდიტორული პროცედურებით ვერ იქნა მოპოვებული რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შესამოწმებელ პერიოდში მის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელების ფაქტს“, - წერია აუდიტის დასკვნაშივე.
ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2017 წლის სექტემბრიდან აღნიშნული თანამდებობრივი პოზიცია გაუქმდა, ხოლო ფედერაციის პრეზიდენტის საქმიანობა, რომელიც ამ დრომდე არ იყო ანაზღაურებადი, მოცემული პერიოდიდან გახდა ანაზღაურებადი და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა მონიტორინგის მენეჯერის გაუქმებული საშტატო პოზიციის მიხედვით არსებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
"გარკვეულ შემთხვევებში დასაქმებულ პირებთან დადებული შრომითი, ხოლო მონიტორინგის მენეჯერთან და ბუღალტერთან გაფორმებული მსაჯობის მომსახურების მიწოდების ხელშეკრულებები ატარებს ფიქტიური გარიგების ნიშნებს, რაც, თავის მხრივ, ზრდის თაღლითობის რისკებს", - წერია დასკვნაში.
ცნობისთვის: საქართველოს ქართული ჭიდაობის ფედერაციის დაფინანსება ხორციელდება ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ყოველწლიურად დამტკიცებული სპორტულ ღონისძიებათა კალენდარული გეგმის შესაბამისად.
ფედერაციის დაფინანსებამ 2016-2017 წლებში შეადგინა 687,426 ლარი. აქედან, სპორტის სამინისტროდან მიღებული დაფინანსება ქართული ჭიდაობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის, ოლიმპიური მოძრაობის მხარდამჭერი პროგრამისა და გრანტის სახით შეადგენს 669,701 ლარს, მუნიციპალიტეტებიდან ფინანსური დახმარების სახით მიღებულია 16,150 ლარის დაფინანსება, ხოლო სხვადასხვა კერძო სტრუქტურიდან მიღებული დაფინანსება შეადგენს 1,575 ლარს.
აუდიტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციას აძლევს, რომ ფედერაციასთან შეთანხმებული პირობებით შემუშავებულ იქნეს ისეთი საკადრო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს საწესდებო საქმიანობის რელევანტური, ოპტიმალური და სამართლიანი საშტატო განრიგის ფორმირებას, სამუშაოზე აყვანის პროცესის გამჭვირვალობას და მოცემულ სფეროში მართვის დემოკრატიული პრინციპის (პრეზიდიუმის, გენერალური მდივნის და პრეზიდენტის უფლებამოსილების გამიჯვნა) დაცვაზე ზედამხედველობის გზით საჯარო უფლებამოსილების განხორციელების გაუმჯობესებას.

























