ფინანსისტი ირაკლი ერაძის შეფასებით, ქართული ეკონომიკა ახალ რელსებზე გადადის, სადაც ხისტი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. მისი თქმით, ის ახალ მინისტრთა კაბინეტში ხედავს პოტენციალს, რომ საქმიანობა მემარჯვენე მიმართულებით წავიდეს.
"გადახდისუუნარობის კანონმდებლობის დახვეწა, კომერციული საქმეების პალატების ჩამოყალიბება სასამართლო სისტემაში, ასევე ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის ნულოვანი გადასახადის დაწესებაზე განცხადებები,-ეს სამი მიმართულება, რაზეც ახალი პრემიერი საუბრობს, მაფიქრებინაბეს, რომ ის მემარჯვენე მიმართულებით იხედება“, - განაცხადა ერაძემ გადაცემაში "საქმიანი დილა".
თუმცა ექსპერტი პრემიერის ბანკებთან დაკავშირებულ განცხადებებსაც ეხება და იმედოვნებს, რომ ეს მხოლოდ პოპულისტური, მოსახლეობაზე გათვლილი განცხადებები იყო.
ირაკლი ერაძე, ახალი მთავრობის გეგმებსაც აფასებს და ამბობს, რომ ე.წ. "ინდუსტრიალიზაციასა“ და "კლასტერიზაციაზე" სახელმწიფომ ფინანსები არ უნდა დახარჯოს.
"ხელოვნურად ეკონომიკის ნებისმიერ სფეროში რაიმეს შექმნა, ინდუსტრიალიზაცია იქნება ეს თუ კლასტერიზაცია, შედეგის მომტანი არ არის. ეს არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს მიერ ფულის ხარჯვის შედეგად, სახელმწიფომ ისეთი გარემო უნდა შეიქმნას, რომელშიც ბიზნესი თავად მოახერხებს ამას", - განაცხადა ერაძემ.