საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარის, დავით კიკვიძის განცხადებით, ქართული გამოცდილებების ექსპორტი უზბეკეთში უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა. მისივე თქმით, უზბეკეთის ბაზარი, მისი სიდიდისა და ტექნოლოგიური განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯების თვალსაზრისით, სულ უფრო აქტუალური და საინტერესო ხდება.
ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, უზბეკეთის ბაზარზე ერთი ქართული კომპანია უკვე შევიდა, ხოლო მეორე კომპანია ემზადება ამ ბაზარზე შესასვლელად.
„ფინტექ სექტორს ინდუსტრიული ხასიათი აქვს და უზბეკეთიც ამ კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. შესაბამისად, ბაზარი სულ უფრო აქტუალური ხდება. საგულისხმოა აუდიტორიის სიდიდეც. მარტო უზბეკეთის დედაქალაქში, ტაშკენტში დაახლოებით 3 მლნ-მდე მოსახლეა, რაც მთელი საქართველოს ბაზარს უდრის. შესაბამისად, ასეთი ტიპის შეთავაზებები ჩვენთვის ძალიან საინტერესოა.
ქართული სტარტაპი, რომელიც პრინციპში უკვე კომპანიად ჩამოყალიბდა, უზბეკეთის ბაზარზე შევიდა და წარმატებით ოპერირებს. ამასთან, მეორე ქართული კომპანიაც ემზადება ამ ბაზარზე შესასვლელად. რაც ნიშნავს იმას, რომ ქართული გამოცდილების ექსპორტი უზბეკეთში უკვე აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა კიკვიძემ.
აღსანიშნავია, რომ ტაშკენტში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, სადაც მოწვეული ჰყავდათ არა მხოლოდ უზბეკეთის, არამედ ყაზახეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, კორეის, ინდონეზიის წარმომადგენლები, ბიზნეს სტარტაპები და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები. ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, მათთან საინტერესო დისკუსიები გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში უზბეკეთის ფინტექ ასოციაციასთან მემორანდუმიც გაფორმდა, რაც ითვალისწინებს ფინტექ კომპანიების მხარდაჭერას, კაპიტალის მოზიდვას და სტარტაპებისა და ინვესტორების დაკავშირებას ინოვაციური პროექტების დაფინანსების მისაღებად.
როგორც დავით კიკვიძე ამბობს, ღონისძიების ფარგლებში არაერთი საინტერესო ადამიანი გაიცნეს, რომლებიც პოტენციური ურთიერთობის და საქმიანობის წამოწყების შესაძლებლობას იძლევიან.