გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გასტრონომიული მიმართულებით სახელმწიფოს როლის გასაძლიერებლად სპეციალური ჯგუფის შემუშავებაზე მუშაობენ.
ამის შესახებ ღვინის ეროვნილი სააგენტოს თავჯდომარის მოადგილემ დავით ტყემალაძემ „საქმიან დილაში“ განაცხადა.
„კულინარია, ქართული სამზარეულო თუ სუფრა - აქამდე უწყებრივად არსად არ ფიგურირებდა. "Bocuse Do'r 2019" და მასში საქართველოს ჩართულობა შეიძლება გახდეს ბიძგი იმისა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სსიპ-ი ან რაიმე სხვა ფორმის უწყება ჩამოყალიბდეს და ამ თემაზე უფრო აკადემიურად მუშაობისთვის სახელმწიფო, სამეცნიერო წრეები, ბიზნესი და კულინარები ერთად მუშაობდნენ“, - განაცხადა ტყემალაძემ.
მისივე განმარტებით, ქართული კულინარიის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩასატარებელი, მათ შორის კერძების მიკვლევადობისათვის, სურსათის უვნებლობისათვის, რომ ამ ყველაფრის კოორდინირება ერთ უწყებაში მოხდეს.
კითხვაზე - როდისთვის აპირებს სამინისტრო ახალი უწყების შექმნას ან გუნდის ჩამოყალიბებას, დავით ტყემალაძე აცხადებს, რომ ჯერ სამუშაო პროცესია და გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის მიიღებენ.
ამასთან, ღვინის ეროვნილი სააგენტოს თავჯდომარის მოადგილემ "Bocuse Do'r "-თან სამუშაო ეტაპების მთავრობისათვის წარდგენაც დაანონსა.
მისი თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოს მსოფლიო კულინარიულ გამოფენასა და ჩემპიონატზე წარადგენენ, საქპატენტიც ეხმარება.
„სულ მალე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაზე ვიხილავთ ერთეულს, რომელიც მსგავს ღონისძიებებს, პრეზენტაციებსა თუ შეჯიბრებებს ქვეყნის და მსოფლიოსდონეზე მიხედავს", - განაცხადა დავით ტყემალაძემ.