ქართული გეოგრაფიული აღნიშვნები შვეიცარიის კონფედერაციაში დაცულია. საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახლებებისა და წარმოშობის წყაროს აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ ხელმოწერის ცერემონია ბერნში, შვეიცარიის კონფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ოფისში გაიმართა. საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ.
"ეს შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შვეიცარია მაღალმსყიდველუნარიანი ქვეყანაა და გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული პროდუქცია ზოგადად არის ძვირი, ვინაიდან გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა პროდუქციას მატებს დამატებით ღირებულებას. მყიდველისთვის ეს არის ინფორმაცია, რომ პროდუქტი არის განსაკუთრებული და მაღალი ხარისხის", - განუცხადა BM.Ge-ის გოგილიძემ.
"საქპატენტის" ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის შედეგად, შვეიცარიის ტერიტორიაზე ნაცვალგების წესით მოხდა ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებების და წარმოშობის წყაროს დაცვა, ასევე განისაზღვრა მათ გამოყენებასა და უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებული პროცედურები. ხელმოწერის შემდგომ, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოსა და "საქპატენტის" ორგანიზებით, გაიმართა ქართულ და შვეიცარულ მხარეთა შორის აღნიშნული შეთანხმების გაფორმებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება, რომელზეც შვეიცარიის კონფედერაციაში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი კერძო კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
მიღებაზე სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ადგილწარმოშობის დასახელებით დაცული ღვინოები და ქართული ტრადიციული კერძები.
ამასთან, მიღებაზე სტუმრებს ღვინის ექსპერტმა, გიორგი სამანიშვილმა ჩაუტარა ლექცია ქართული ღვინის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა, შვეიცარიის კონფედერაციაში ქართული ადგილწარმოშობის დასახელებით დაცული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

























