მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული GMP სერტიფიკატი უცხოეთში ვალიდური არ არის, რაც წამლების ექსპორტს აფერხებს - ლევან გოგიბერიძე

იმპორტი

საქართველოში GMP (კარგი წარმოების პრაქტიკა) სტანდარტის სავალდებულო დანერგვამ ადგილობრივი ფარმაცევტული მწარმოებლების რაოდენობა 51-დან 4-მდე შეამცირა, ხოლო საერთაშორისო აღიარების არქონა ქართულ კომპანიებს ექსპორტის განვითარებაში ხელს უშლის. ამის შესახებ ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან გოგიბერიძემ განაცხადა.

გოგიბერიძის განმარტებით, სტანდარტის ამოქმედებამდე ბაზარზე 51 ადგილობრივი მწარმოებელი ოპერირებდა, დღეს კი მათგან მხოლოდ ოთხი აკმაყოფილებს GMP მოთხოვნებს.

ლევან გოგიბერიძე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ქართული GMP სერტიფიკატის დაბალ ვალიდურობას ასახელებს. მისი თქმით, იმის გამო, რომ საქართველოს მარეგულირებელი ორგანო საერთაშორისო ორგანიზაციებში არ არის გაწევრიანებული, ქართული დოკუმენტი ევროპაში აღიარებული არ არის, რაც პროდუქციის ექსპორტს გზას უკეტავს.

“სანამ GMP სტანდარტი განისაზღვრებოდა და სავალდებულო გახდებოდა ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, იყო დაახლოებით 51 მწარმოებელი. ამჟამად სტანდარტს აკმაყოფილებს მხოლოდ ოთხი მწარმოებელი, რომელიც აგრძელებს მუშაობას GMP სტანდარტის სერტიფიკატის შესაბამისად. რამდენიმე წარმოებაა, ორი თუ სამი, რომელიც ამჟამად, რეკონსტრუქციის პროცესშია და მუშაობს მხოლოდ საექსპორტო ბაზრებისთვის, ვინაიდან მათ აკრძალული აქვთ, ისევ და ისევ GMP სტანდარტის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადგილობრივ ბაზარზე ოპერირება.

ამ ეტაპზე ჩვენი მარეგულირებელი არ არის გაერთიანებული არცერთ ასეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, ეს იწვევს იმ პრობლემას, რომ ჩვენი ქვეყნის მიერ გაცემული GMP სერტიფიკატი ფაქტიობრივად რჩება იმ დოკუმენტად, რომელსაც ვალიდურობა გააჩნია მხოლოდ ჩვენს ტერიტორიაზე. უცხოეთში, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით, ამ სერტიფიკატს მნიშვნელობას არ ანიჭებენ და აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ მიმართულებით, ევროპის მიმართულებით, განსაკუთრებით ხელი შეკრულები ვართ.

აზიის მიმართულებით უფრო ნაკლები მოთხოვნაა ამ მიმართულებით, თუმცა იქაც უკვე ნელ-ნელა დაიწყეს ამ საერთაშორისო GMP სერტიფიკატის მოთხოვნა.

პირველი ნაბიჯი, ჩემი აზრით, უნდა იყოს ეს. ახლა ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, თვითონ მინისტრიც ჩართულია ამ საქმეში, რომ რაღაცა ნაბიჯები გადაიდგას იმ მიმართულებით, რომ ჩვენი ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი სააგენტო გაწევრიანდეს თუნდაც PIC/S-ის ორგანიზაციაში, რაც ისევ ვიმეორებ, მისცემს საშუალებას ჩვენს მწარმოებლებს უფრო აითვისონ საექსპორტო ბაზრები,”- ამბობს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან გოგიბერიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები