“პრაქტიკულად, რუსეთში არ ვოპერირებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ ოპერირება არ გვინდა", - ამის შესახებ “ქართული ღვინის ჰოლდინგის” აღმასრულებელმა დირექტორმა გია მშვიდობაძემ “საქმიან დილაში” განაცხადა და მიზეზები განმარტა. ამასთან, როგორც მშვიდობაძემ აღნიშნა, რუსეთის ბაზრის გარდა კომპანიის სამიზნე ბაზრების სიაში ევროპის, ამერიკის და იაპონიის ბაზრებიც შედის.
“დღეის მდგომარეობით, ექსპორტზე 18 ბაზარზე ვართ წარმოდგენილები. ჩვენ ღვინოს ისეთ საფასო სეგმენტზე ვყიდით, რომელიც იაფად არ ითვლება. სახეობის მიხედვით, ჩვენი ღვინის სარეალიზაციო ფასი 5 დოლარიდან მაღლაა. რუსეთის ბაზარზე ჩვენს ღვინოზე მოთხოვნა არის, მაგრამ ამ ბაზარზე წვდომა არ გვაქვს. საქმე იმაშია, რომ 2013 წელს საქართველოში რუსეთიდან დელეგაცია ჩამოვიდა, რომლებმაც აკრედიტაციები უხვად გასცეს. მათ ნებართვები გასცეს მათ შორის ისეთებზე, რომლებსაც საწარმოო ბაზა მწირი ჰქონდათ, ხოლო ზოგიერთს კი საერთოდ არ გააჩნდათ. მას შემდეგ არავინ გამოჩენილა და ჩვენ რიგში, ვდგავართ, რომ რუსეთის ბაზარზე წვდომა გვქონდეს, თუმცა ჩვენი ძირითადი სამიზნე ბაზრები ევროპაში, ასევე, ამერიკასა და იაპონიაშია", - განმარტა მშვიდობაძემ.
ღვინის ინდუსტრიის გამოწვევებზე “ქართული ღვინის ჰოლდინგის” მთავარმა მეღვინემ ლადო უზუნაშვილმაც ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, ღვინის ხარისხზე მეტი კონტროლი გვჭირდება.
“რუსეთის ბაზრის არსებობა პირდაპირ იყო მიბმული იმ საკითხთან, რამაც ქვეყანაში ვენახების რაოდენობის ზრდა გამოიწვია. როდესაც 2013 წელს რუსები ჩვენ ბაზარზე გამოჩნდნენ, მევენახეობის განვითარება წავიდა. ეს ბაზარი მსხვილია და ძალიან ბევრი ღვინის ათვისებას შეძლებდა. ჩვენ დარგი ეკონომიკურად რუსეთზე ჩამოვკიდეთ. ჩვენი ე.წ. ტრადიციული ბაზარი ჩვენი ღვინის ხარისხის ამინდს ქმნის. გამოწვევა ასევე არის იმაში, რომ კადრებს არ ვზრდით, ყურძნის სუბსიდირებაზე ძალიან ბევრს ვხარჯავთ. ყურადღების ნაწილი სპეციალისტების გამოძერწვაზე რომ დაგვეხარჯა, შედეგად სხვადასხვა ბაზრებზე დარგის წარმომდგენ ელჩებს მივიღებდით", - აღნიშნა უზუნაშვილმა.