ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯება
ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო 560 ათასი ლარის ოდენობით გამარტივებული შესყიდვის უფლებას ითხოვს. სააგენტოს გეგმის მიხედვით, ქვეყნის შიგნით და მსოფლიოს 15-მდე ქვეყანაში, მთელი რიგი ღონისძიებების გამართვა და მონაწილეობის მიღებაა გათვალისწინებული, მათ შორის დეგუსტაციების, კონკურსების, კონფერენციების, გამოფენების და მედია-კამპანიების, ასევე სარეკლამო რგოლების დამზადება. სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ღონისძიებების შინაარსი და სპეციფიკა, შეუძლებელს ხდის შესყიდვის წინასწარ განსაზღვრას, რის გამოც საზოგადოებრივი საჭიროებებიდან გამომდინარე, აუცილებლად მიაჩნიათ გამარტივებული შესყიდვის გამოყენება. აღნიშნული თანხის ათვისება, მიმდინარე წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით იგეგმება.