მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართული ღვინის თემატიკაზე შექმნილ სუვენირებზე საერთაშორისო ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა“ – Emocia Wines

63ee0ca882b8b
სალომე ხიდურელი
16.02.23 22:00
1206
Emocia Wines-ი, რომელიც ნატურალური ქვების, ბრინჯაოსა და მარმარილოსგან ღვინის თემატიკის სუვენირებს ქმნის, პროდუქციის ექსპორტის მასშტაბების გაზრდას გეგმავს.

Emocia Wines-ის დამფუძნებლის, თამარ აბულაძის თქმით, ქართული ღვინის თემატიკაზე შექმნილ სუვენირებზე, საერთაშორისო ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა. როგორც მან BM.GE-სთან განაცხადა, მნიშვნელოვანია, ნატურალური ქვებისაგან დამზადებული ფიგურები, ვიზუალურად ქართული ჯიშის ყურძნებთან მაქსიმალურად იყოს მიმსგავსებული.

„ჩვენი სუვენირები უკვე იყიდება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, პატარ-პატარა მაღაზიებში, მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში. ბრენდი ჯერ ახალი შექმნილია, არ ვართ იმ ეტაპზე, რომ დიდი რაოდენობით პროდუქცია ვაწარმოოთ, თუმცა ექსპორტზე დაინტერესება საკმაოდ მაღალია. ზოგადად, ღვინის თემატიკა მთელს მსოფლიოში აინტერესებთ და ისიც იციან, რომ საქართველოს მეღვინეობის ხანგრძლივი ისტორია აქვს. საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, თითოეულ სუვენირს თან მოჰყვება პასპორტები ქართულ და ინგლისურ ენაზე, რომლებზეც დატანილია საინტერესო ცნობები საქართველოს ისტორიისა და მეღვინეობის შესახებ. სწორედ ამიტომ, ჩვენს პროდუქციაზე დიდი დაინტერესებაა დიპლომატიური სექტორის წარმომადგენლების მხრიდანაც“, - აღნიშნავს თამარ აბულაძე.



გარდა ყურძნის მინიატიურებისა, როგორც თამარ აბულაძე BM.GE-სთან ინტერვიუში განმარტავს, „Emocia Wines“ სხვა სახის აქსესუარებიც აქვს.

„გვაქვს შარფები, რომელზეც მიკროსკოპის ქვეშ დანახული გაყინული ღვინის წვეთია გამოსახული. ამ კოლექციას სულ მალე შევმატებთ ახალ, ქართული ღვინის ქვის ულამაზეს პრინტიან შარფსაც. საქართველოში ამ პროდუქციას ანალოგი არ აქვს, დავიჭირეთ ნიშა, რომელსაც არა მხოლოდ ადგილობრივ, მსოფლიო ბაზარზეც არავინ ქმნის. იმ შემთხვევაშიც, თუ ვინმე გადაწყვეტს, მსგავსი ბრენდი წამოიწყოს, ჩვენი უნიკალური ღვინის ქვის კოლექცია, რომელსაც წლების განმავლობაში სხვადასხვა მარნიდან ვინახავდით, აღარ განმეორდება“, - ამბობს თამარ აბულაძე.

ინფორმაციისთვის: კომპანია Emocia Wines 2020 წელს დაარსდა და მისი მიზანი, ქართული მეღვინეობის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაცია იყო. ადგილობრივ ბაზარზე ღვინის თემატიკის სუვენირები Home Concept Store-ში, „ლოპოტასა“ და „შატო მერეში“ რეალიზდება. ფასები კი, 89-დან 290 ლარამდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები