„ჩვენი პოზიციაა, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან მკაფიო კომუნიკაცია ყველა ბაზარზე, ყველა პარტნიორთან იმისათვის, რომ ქართული ღვინის პოზიციები დავიცვათ,“ - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მტავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ქართული ღვინო ხარისხით საუკეთესოა.
„რაც შეეხება იმას, რომ არსებობს კითხვები და ჩვენ განცხადებები მოვისმინეთ მათ შორის რუსეთის სანიტარული სამსახურების მხრიდან, ამას უნდა გაეცეს საკმაოდ კომპეტენტური პასუხები და იმედი მაქვს, რომ ამ კომუნიკაციის საშუალება ჩვენს შესაბამის უწყებებს მიეცემა ანუ ღვინის ეროვნულ სააგენტოს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, იმ უწყებებს, რომლებიც ხარისხზე არიან პასუხისმგებლები.
ზოგადად სასოფლო სამეურნეო სექტორი, რომელიც ქვეყანაში მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს ასაქმებს ეს ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა ჩვენი ქვეყნის ბევრი მოქალაქისთვის. იცით, რომ ღვინის სექტორი საკმაოდ დიდია. ეს არის მზარდი და აქ რამდენიმე ათასი ადამიანია ჩართული.
ჩვენ მივიღეთ მომართვა ღვინის მწარმოებლებისგან, ეს არის ორი მსხვილი გაერთიანება. ღვინის მწარმოებელთა ასოციაცია და ღვინის მწარმოებელთა გილდია, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ პრაგმატული პოლიტიკის პირობებში სტაბილურობა და სექტორის განვითარების შესაძლებლობები უზრუნველყონ“ - განაცხადა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველი უწყების ("როსპოტრებნადზორი") განცხადებით, საქართველოდან იმპორტირებული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ხარისხი წლიდან წლამდე უარესდება, შესაბამისად, ისინი იძულებულნი არიან, ქართულ პროდუქციაზე კონტროლი გააძლიერონ.
რუსეთის მარეგულირებელში განმარტავენ იმასაც, რომ 2014 წლიდან 2018 წლამდე ალკოჰოლური პროდუქციის მოცულობა, რომელიც არ შეესაბამებოდა აუცილებელ მოთხოვნებს, 2,9 ჯერ გაიზარდა და 2018 წელს 203 ათას ლიტრი შეადგინა. ამ პერიოდის განმავლობაში ანუ 2018 წელს რვა ქართველ მწარმოებელს ღვინის ექსპორტი აეკრძალა.

























