"შატო მუხრანის“ მთავრი პრიორიტეტი წელს იაპონიის ბაზრის ათვისებაა, ამიტომ კომპანია ამ ქვეყანაში მარკეტინგული აქტივობის განსაკუთრებულ ზრდას გეგმავს“, -ამის შესახებ Bm.ge-ს ,,შატო მუხრანის“ გლობალურმა ბრენდ მენეჯერმა, გიორგი აფხაზავამ განუცხადა.
"იგეგმება იაპონიაში პატრიკ ჰონეფის ვიზიტი, რომელიც კომპანიის გენერალური დირექტორი და მთავარი მეღვინეა, ის თავად გააცნობს ჩვენს ღვინოებს ჰორეკას და სასტუმროების ქსელის წარმომადგენლებს. ეს ნაცადი პრაქტიკაა, აღმასრულებელი დირექტორის გაგზავანა კატალიზატორის როლს ასრულებს გაყიდვებში, სტრატეგიულად ხდება გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელ ბაზარზე უნდა წავიდეთ; იაპონია, აზიაში ღვინის სფეროში ყველაზე კარგად გათვითცნობიერებული ბაზარია, ფინანსურადაც მაღალ დონეზეა და მოსახლეობა მსყიდველუნარიანია, რადგან ჩვენი ღვინოები პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი, ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
ასევე, იაპონიაში ტრენდი წამოვიდა საქართველოს ცნობადობის კუთხით, განსაკუთრებით ქვევრის ღვინის მიმართულებით, ბევრმა კომპანიამ დაიწყო საქართველოდან ამ ქვეყანაში ღვინის ექსპორტი, ეს ყველაფერი ერთიანობაში გვაფიქრებინებს, რომ ჩინეთის შემდეგ, აზიის ბაზარზე, იაპონია მეორე იქნება, სადაც ფეხის მოკიდება შეიძლება“ - განაცხადა გიორგი აფხაზავამ.

























