,,ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, არ ვიცი ეს რისი შედეგია, იმის, რომ კარგი ღვინო და საკვები გვაქვს, თუ იმის, რომ ქვეყანაში უფროდაუფრო მეტი ტურისტი მოდის ზოგადად, ალბათ ყველაფერი ერთად“ - განუცხადა Bm.ge-ს ჯონ ვურდემანმა, რომელიც სიღნაღსა და თბილისში ხუთი ტურისტული ობიექტის მფლობელია.
მათ შორის ერთ-ერთი, რომელიც ტურისტების მხრიდან განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს, ტიბაანში მდებარე რესტორანი ,,ველური ბროწეულია“. იქ მისულ სტუმრებს რამდენიმე სართულიანი მარნის და იშვიათი ჯიშის ყურძნის ,,ვარდისფერი რქაწითელის“ ვენახის დათვალიერება შეუძლიათ.
,, ტიბაანში, სადაც მარანი გვაქვს, საცდელად გვქონდა დარგული ვარდისფერი რქაწითელი, რაც იშვიათი ჯიშია, ექსპერიმენტმა გაამართლა და შარშან ერთი ჰექტარი კიდევ გავაშენეთ.
მარნის თავზე რესტორანი გავაკეთე, სადაც ქვევრები რამდენიმე სართულზეა, არის ქვევრები მიწის პირზე, გარეთა მარანში და არის ქვევრები, რომლებიც მთლიანად, ერთი სართულით მიწის ქვეშაა, ანუ გვაქვს ქვევრები - ღვინის ასადუღებლად, ფილტრაციისთვის და დასაძველებლად, ხუთი მეტრით მიწის ქვეშ კი ბოთლის ღვინის დასაძველებელი ადგილია.
ამ კომპლექსში ახალი რესტორანი გავაკეთე, რომელსაც ,,გიჟი ბროწეული“ ჰქვია. ტიბაანში ძალიან ბევრი ველური ბროწეული მოდის, ჩემი მეუღლე ამ რესტორანში მთავარი მზარეულია. ტურისტებს ქართული კერძებით მანამდეც უმასპინძლდებოდა და ერთხელ მითხრა - ,,ხალხი ისე გადაირია აქ მომზადებული კერძებით, როგორც ველური ბროწეული გაგიჟდება ხოლმეო“, ეს სახელწოდებაც სწორედ აქედან წარმოიშვა.
მარანი 2016 წლიდან გვაქვს, ტურისტები სულ მოდიოდნენ აქ, რესტორანი კი 2016 წელს გზაფხულზე გავხსენით, რადგან დიდი მოთხოვნა იყო. ტურისტული ჯგუფები აქ ძირითადად სპეცშეკვეთით მოდიან, კორპორატიული ღონისძიებებიც ხშირად იმართება „ - განაცხადა ჯონ ვურდემანმა.