კომპანია „Geohaus”-ის დამფუძნებელ ზვიად არაბიძის აზრით, EFTA-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედება ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ხელს შეუწყობს.
„Geohaus“ ციურიხში დაფუძნებული სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც 2011 წლიდან საქართველოდან ქართული წვენების, სუნელების და ღვინის იმპორტს ახორციელებს და შვეიცარიასა და გერმანიაში ყიდის.
როგორც BM.ge-ის კომპანიის დამფუძნებელმა ზვიად არაბიძემ განუცხადა, მაისის ბოლოდან ქართული ღვინოები ციურიხის ერთ-ერთ ცნობილ რესტორან WAID-ში იყიდება.
„WAID-ში შეგვაქვს ისეთი ღვინოები, როგორიცაა: ნიკოლაშვილების ოჯახის ბიო-საფერავი 2008 წლის - ამ ღვინომ ციურიხში, EXPOVINA 2015-ზე ოქროს მედალი მიიღო; ასევე იყიდება ნიკოლაშვილების ეტიკეტით „წინანდალი 2016“; მალე შევიტანთ კახა ჭოტაშვილის 2015 წლის „ხიხვისაც“ (ხიხვი უნიკალური ქართული ვაზის ჯიში). რაც შეეხება ფასებს, რესტორანში 49 ფრანკიდან იწყება და 75 ფრანკამდე ადის. მაღაზიებში ქართული ღვინის გასაყიდი ფასი კი, 18-33 ფრანკის ფარგლებში მერყეობს“, - განუცხადა BM.ge-ის არაბიძემ.
მისივე თქმით, ჯერჯერობით, ციურიხში ღვინის გაყიდვები რაოდენობრივად დიდი არაა, მაგრამ მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია.
„შემიძლია, უფრო იაფფასიანი ღვინოები ჩამოვიტანო, მაგრამ ასეთი ღვინოები ვერ იქნება ქართული ღვინის კულტურის კარგი დესპანი შვეიცარიაში. თუ გვინდა, რომ რასაც ვსაუბრობთ ქართული ღვინის ტრადიციებზე, ის გამართლდეს და ნატურალური წვენი არ შევაჩეჩოთ მყიდველს ხელში, აქცენტი ხარისხზე უნდა გავაკეთოთ - ყველაზე იაფით კარგ შედეგს ვერ მივიღებთ“, - ამბობს არაბიძე.

























