მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ინოვაციური AI პლატფორმა ფერმერებისთვის 42 ენაზე - ყველაფერი "აგრიოლის" შესახებ

აგრიოლი

"აგრიოლი" AI-ზე დაფუძნებული სისტემით, ფერმერებს მთელს მსოფლიოში მოსავლის მოყვანასა და რეალიზებაში ეხმარება, პლატფორმა ხელმისაწვდომია მსოფლიოს მასშტაბით 42 ენაზე და 77 აგროკულტურაზე. "აგრიოლი" მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აგროსექტორის ციფრულ ტრანსფორმაციას.

აგროწარმოების და რეალიზების სრული ციკლის გავლა, ფერმერებს ქართული ინოვაციური პლატფორმა "აგრიოლის" დახმარებით შეუძლიათ.

საქართველოს აგრო ჰოლდინგის დამფუძნებელმა და დირექტორმა, სოფო მახატლიშვილმა bm.ge-სთან პლატფორმის შექმნის და ბიზნესს მოდელის ჩამოყალიბების გზასა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„აგრიოლი“ ერთიანი პლატფორმაა, რომელიც AI-ზე დაფუძნებული სისტემით, ფერმერებს ეხმარება, ეფექტურად მართონ მცენარეთა დაავადებები და მავნებლები, გააუმჯობესონ აგროწარმოება და გაზარდონ ეფექტურობა. ამასთან, კომპანია ერთმანეთს აკავშირებს ფერმერებსა და დიდ კომპანიებს, შედეგად კი - ფერმერებს პროდუქციის რეალიზაციას, ხოლო კომპანიებს - საბითუმო აგროშესყიდვებს უადვილებს.

"აგრიოლი, ქართული ინოვაციური AI პლატფორმაა, რომელიც გლობალურ ბაზარზე ფერმერებს ეხმარება პროდუქტის მოყვანასა და რეალიზაციაში. აგრიოლი არის საქართველოს აგრო ჰოლდინგის ბრენდი, რომელიც დაარსდა 2021 წელს, რის შემდეგაც აქტიურად ვეხმარებით ფერმერებს სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობის გამარტივებასა და ეფექტურობის გაზრდაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, შეგვექმნა ისეთი სისტემა, რომელიც ფერმერების საჭიროებებს და პრობლემებს უპასუხებდა. მათი საჭიროებები განსაკუთრებით გამოიკვეთა მოსავლის მოყვანა და რეალიზების საკითხებში. პროდუქციის მოყვანა როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში დიდი გამოწვევაა, რადგან აგრო სპეციალისტები, როგორც საქართველოში ასევე გლობალურ ბაზარზეც ძალიან მცირე რაოდენობით არიან, შესაბამისად მსოფლიო ფერმერების 70% მეტი, რჩება დახმარების გარეშე, რადგან არ აქვთ წვდომა სპეციალისტებთან.

თავიდანვე ვიმუშავეთ ბიზნესს მოდელზე, რომელიც AI-ზე იქნებოდა დაფუძნებული და ფერმერებს მეურნეობის გაციფრულების შესაძლებლობას მისცემდა. აგრიოლის შექმნით შევძელით ორი საკმაოდ რთული დარგი აგრომეცნიერებები და ტექნოლოგიები დაგვეკავშირებინა ერთმანეთთან, საბოლოო სახით კი ფერმერებისთვის ძალიან მარტივად მიგვეწოდებინა. შედეგად აგრიოლი ფერმერებს ყოველდღიური მძიმე შრომის გაიოლებაში ეხმარება და ზრდის მათი მეურნეობების ეფექტურობას.

თავიდან დავიწყეთ მუშაობა პლატფორმაზე, რომელიც მთლიანად, თავიდან ბოლომდე ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი. ამ ეტაპზე, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ფერმერს საშუალება აქვს ატვირთოს დაავადებული, ან დაზიანებული მცენარის, ნაყოფის, ან მავნებლის ფოტო და მიიღოს შესაბამისი მომენტალური დიაგნოსტირება. მავნებელ დაავადებათა დიაგნოსტირების სისტემა მთლიანად AI-ზე აწყობილი. ფოტოს ატვირთვის შემდეგ, ხდება მომენტალური დიაგნოსტირება, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ რესურსი იყოს ამოუწურავი. დღეში 100 ფერმერს გავუწევთ მომსახურებას, თუ 10 000 პლატფორმა ზუსტად ერთი ხარისხით იმუშავებს. იმიტომ, რომ ტექნოლოგიური ჩართულობაა და არ არის ადამიანურ რესურსზე დამოკიდებული.

პლატფორმა დღეს ხელმისაწვდომია, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ 77 აგროკულტურაზე და ხელმისაწვდომია 42 ენაზე.

"აგრიოლის" სერვისებით, ამ ეტაპისთვის, უკვე 2 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა. გარდა ამისა, კომპანიას დამატებითი საპილოტე შეთანხმებები 1 500 ფერმერთან აქვს გაფორმებული. შესაბამისად, ქართულმა კომპანიამ სხვადასხვა სერვისისთვის მომსახურება მთლიანობაში 3 500-ზე მეტ მომხმარებელს გაუწია.

"აგრიოლის" დახმარებით, ფერმერს, სრულად შეუძლია მოიყვანოს პროდუქტი ჩვენი დახმარებით და ამის შემდეგ, ვეხმარებით აღნიშნული პროდუქტის რეალიზებაში, რაც ასევე ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, როგორც საქართველოში, ისევე გლობალურ ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან, მსოფლიოს ყველაზე დიდი მწარმოებელი ქსელები და ამით, ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა გლობალურ ბაზარზე გაყიდონ პროდუქტი ჩვენი დახმარებით. ასევე ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოში ყველაზე დიდი სანერგე მეურნეობები, ფერმერებს კი შესაძლებლობას ვაძლევთ პირდაპირი შესყიდვებით მათგან შეიძინონ სანერგე მასალები შუამავლების გარეშე", - განაცხადა სოფო მახატლიშვილმა bm.ge-სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები