სოციალური საწარმო „აგამა“ პოლონეთთან საექსპორტო მოლაპარაკებებს აწარმოებს. აღნიშნული საწარმო „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“-ს ბენეფიციარია. როგორც „აგამას“ დამფუძნებელმა არჩილ ელბაქიძემ bm.ge- ს განუცხადა მათი საწარმო პოლონელებმა უკვე მოინახულეს და მიაწოდეს იმ მოთხოვნათა ჩამონათვალი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც „აგამას“ პოლონეთის ბაზარზე პროდუქციის გატანა შეეძლება.
„ამ ეტაპზე ვმუშაობთ, რომ შევქმნათ საფუძველი ევროკავშირის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი კომპანია სურსათის პირველადი წარმოებიდან სურსათის გადამუშავებაზე გადავიდა , საჭირო გახდა რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილება, რასაც ევროკავშირის რეგულაციები ითხოვს, მაგალითად სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და ა.შ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს საწარმოს პროგრესი აქვს ნამდვილად და უკვე კარგ შედეგებს მივაღწიეთ".
ადგილობრივ ბაზარს რაც შეეხება „აგამა“ ორ მარკეტსა და ქუთაისის საბითუმო ბაზარში ყიდის საკუთარ პროდუქციას. როგორც არჩილ ელბაქიძე ამბობს, საწარმო აქტიურად მუშაობს პროდუქციის დიზაინის დახვეწასა და ასორტიმენტის გაფართოვებაზე. დღეისათვის „აგამას“ ბრენდის ქვეშ მარწყვის მურაბები, ჯემები და კომპოტები იწარმოება, ისევე როგორც ადგილობრივი წარმოების მწვანილი, რომელიც იმერეთის მხარეში მოყავთ.