გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) კაცობრიობის არამატერიალური კულტურული ძეგლების წარმომადგენლობითი სია განაახლა. გადაწყვეტილება ორგანიზაციის ასამბლეამ დელიში გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა.
საგულისხმოა, რომ ნუსხაში ქართული ხორბლის კულტურა, მასთან დაკავშირებული რიტუალები და ტრადიციები გვხვდება.
იტალიური კულინარია, თავისი ყველა კერძითა და ტრადიციებით ასევე სიის ნაწილი გახდა. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის კულინარიულ ტრადიციებს სპეციფიკურ გლობალურ სტატუსს სძენს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, სტატუსის მინიჭება მისასალმებელია. მისივე თქმით, იტალიელებისთვის თავიანთი სამზარეულო საკვებზე მეტია, იგი მოიცავს კულტურულ მემკვიდრეობას, ისტორიულ ტრადიციებსა და შრომის ეთიკას. ექსპერტები მოელიან, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გაზრდის ტურიზმის მონაცემებს. ცნობისათვის, იტალიას ყოველწლიურად 80 მილიონამდე ტურისტს იღებს.
გარდა იტალიური კულინარიისა, ნუსხას შეუერთდა ინდური სინათლის ფესტივალი - დივალი. ამ გადაწყვეტილებას ასამბლეის მასპინძელი ინდოეთიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
სიაში ვხვდებით ასევე ეგვიპტურ კერძ კოშარს, ისლანდიური საცურაო აუზების კულტურას, არაბული ბიშტის სამოსლის დამზადების კულტურას, ბანგლადეშური ტანგაილის ქსოვას, არაბულ ზაფას ტიპის ქორწილებს, კუბური სონის, არგენტინული კუარტეტოსა და ვენესუელური ხოროპოს ცეკვა-სიმღერის კულტურებს.




























