საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" დირექტორის, ზაზა დოლიძის თქმით, საქართველოში პროფესიული ლიგის შექმნა განიხილება, რომელიც საფეხბურთო კლუბების ხარისხის გაზრდასა და ფეხბურთში დამატებითი რესურსების მოზიდვაზე იმუშავებს - ამის შესახებ ზაზა დოლიძემ BMGDrive-ის ეთერში ისაუბრა.
"ძირითადი მოთამაშეები ჩვენ ვართ და თეორიულად შეიძლება, კონკრეტულმა ლიგამ სპონსორი მოიძიოს, მაგრამ თუ ჩვენ არ ვითამაშებთ, არ იქნება სანახაობა და არ მოვიზიდავთ მაყურებელს, იქ რეკლამაც არ მოვა, ხომ?! ძალიან უხეში შედარებაა ჩემპიონთა ლიგასთან და უეფას ტურნირებთან, მაგრამ არის მოთხოვნადი ტურნირები, შესაბამისად ჰყავთ უდიდესი სპონსორები და ყოველწლიურად იზრდება ტრანსლაციის ღირებულება და მათი შემოსავალი, კოლოსალური თანხებია. ვერ შევადარებ საქართველოს ჩემპიონატს, რა თქმა უნდა, მაგრამ მოდელი და გაგება იგივეა, რომელმაც უნდა ჩაატაროს ეროვნული ჩემპიონატი.
ამჟამად ჩვენს ეროვნულ ლიგას ჰყავს რამდენიმე სპონსორი, შემოსავალს წერს ჩვენი საწევროები და ასევე ფეხბურთის ფედერაციაც თავის რესურსს ახმარს ეროვნული ლიგის ჩატარებას. როგორც ვიცი, სხვადასხვა ხარჯები ფინანსდება მოკლედ სახელმწიფო რესურსით... ადრე თუ გვიან, ვფიქრობ, რომ ძალიან მალე, ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ პროფლიგა, რომელიც თავის თავზე აიღებს ამ პასუხისმგებლობას, რესურსებს, რომელიც ისედაც გაგვაჩნია, გააერთიანებს და იმუშავებს, რომ უფრო მეტი რესურსი მოიტანოს, სატელევიზიო უფლებები გაყიდოს, მეტი გულშემატკივარი მოიზიდოს თამაშებზე...", - განაცხადა ზაზა დოლიძემ.
კითხვაზე, რამდენად უნდა წამოვიდეს დამატებითი რესურსი ფეხბურთის ფედერაციისგან პროფესიული ლიგის ჩამოსაყალიბებლად, ზაზა დოლიძე აღნიშნავს, რომ ლიგამ დამოუკიდებლად უნდა იზრუნოს ფეხბურთში რესურსების მოზიდვაზე მაშინ, როცა ფედერაცია სხვა კომპონენტებზე ზრუნავს.
"ფედერაცია, რა თქმა უნდა, ამას აკეთებს და ამისთვის დიდი მადლობა მათ, იმიტომ რომ ფეხბურთი შეიფუთა, ყველა თამაშის ტრანსლირება მიდის, VAR-ი არის, შუა გზაში არ ხდება ჩემპიონატის გაჩერება და თითქმის 90%-ით მინდვრების პრობლემა მოგვარებულია; ალბათ სულ ორი-სამი სტადიონია საქართველოში, სადაც შეიძლება, ცუდ ამინდში თამაშის ჩატარებაზე იყოს კითხვები.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რომ არ დავინახოთ და არ დავაფასოთ, არ შეიძლება, მათ ბევრი საფიქრალი და პროექტი აქვთ. პროფლიგა ცალკე იფიქრებს ზუსტად იმაზე, რომ მოიზიდოს დამატებითი რესურსი ფეხბურთში, რა თქმა უნდა ისევ კლუბების კეთილდღეობისთვის, რომ მათ განავითარონ და ასწიონ ეს ხარისხი", - ამბობს ზაზა დოლიძე.



























