ქართული კომპანიები American Film Market-ზე პროექტებს წარადგენენ
BM.GE
29.07.18 17:00
• 1277
მიმდინარე წლის 31 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს–ანჯელესში American film market გაიმართება.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ქართული კომპანიების წარდგენას ორგანიზებას სააგენტო "აწარმოე საქართველოში" უწევს.
როგორც BM.GE-ს სააგენტოს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მენეჯერმა თათია ბიძინაშვილმა განუცხადა, სექტემბერში იმ ქართულ კომპანიებთან დასრულდება ხელშეკრულებების გაფორმება, რომლებიც ლოს–ანჯელესში, American film market–ზე მონაწილეობას მიიღებენ.
"American film market–ზე ქვეყნები ჰოლივუდს თავიანთ პოტენციალს აცნობენ. ჩვენ წარვადგენთ როგორც ლოკაციებს, ანუ საქართველოს გადასაღებ მოედნებს, ასევე საგადასახადო შეღავათების სისტემას", – განმარტა თათია ბიძინაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერებთან და პროდუსერებთან, მათი დაინტერესებისთვის მუშაობა გრძელდება.
"ჰოლივუდიდან პროდუსერები იყვნენ ჩამოსულები და ცოტა ხნის წინ გავაცილეთ. ბევრი ლოკაცია ნახეს. მათ აინტერესებდათ ისეთი ადგილები, სადაც ფილმებისთვის სამხედრო ბაზების წარმოდგენას შექმნიან, ასევე, თურქეთის ლანდშაფტისთვის დამახასიათებელი გარემო. ამ ინფორმაციებით გაემგზავრნენ და შესაბამისი პროექტებით დაბრუნდებიან", - აღნიშნა მან.
რაც შეეხება სხვა პროექტებს, თათია ბიძინაშვილის თქმით, სექტემბერში ერთი ჩინური და ერთი ინდური პროექტის განხორციელება დაიწყება, რომელთა საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.
გარდა ამისა, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" მოქმედ საგადასახადო შეღავათების სისტემაში ცვლილებების განხორციელებასაც გეგმავს.
"შესაბამისი საკანონმდებლო პროექტები გვაქვს, მაგრამ ვიდრე ამ ყველაფერს მინისტრს არ წარვუდგენთ, მანამდე წინასწარ ვერ დავაანონსებთ. გვინდა ახალი ინიციატივების დანერგვა, რომ ანიმაციის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი წახალისება იყოს", – განმარტა თათია ბიძინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" კინოინდუსტრიის განვითარების პროგრამა "გადაიღე საქართველოში" ქვეყანაში გადაღებებზე გაწეული კვალიფიციური ხარჯების 20%-დან 25%-მდე ანაზღაურებას გულისხმობს.