მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ლარი მსოფლიოს ათ ყველაზე გამყარებულ ვალუტას შორისაა - მიზეზები

ქართული ლარის შესახებ
გიორგი თოლორდავა
12.05.23 16:38
16032

მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნული ვალუტა განსაკუთრებული სიმყარით გამოირჩევა, ამჟამად ლარი მსოფლიოს ათ ყველაზე გამყარებულ ვალუტას შორისაა.

წლის დასაწყისიდან დღემდე, ქართული ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით დაახლოებით 7%-ით გამყარდა; ერთწლიან პერიოდში კი ვალუტის კურსის ცვლილება +19.5%-ს შეადგენს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ლარზე უკეთესი შედეგი მსოფლიოში მხოლოდ 8 ვალუტას აქვს, გლობალური ტოპ ათეული კი ასე გამოიყურება:

1. შრი-ლანკური რუპია +17.9%
2. ერაყული დინარი +11.5%
3. მექსიკური პესო +10.9%
4. კოსტა-რიკული კოლონი +10.3%
5. უნგრული ფორინიტი +9.6%
6. მოლდოვური ლეი +7.4%
7. ჩილეური პესო +7.2%
8. ბრაზილიური რეალი +7.1%
9. ქართული ლარი +6.7%
10. კოლუმბიური პესო +6.3%

მართალია, მიმდინარე კვირას საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებაზე გადაერთო და რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-მდე შეამცირა, თუმცა მიუხედავად ამისა, ქართული ლარი მაინც საკმაოდ სტაბილურად ინარჩუნებს დოლარის მიმართ სიმყარეს.

რატომ იცვლება ქართული ლარის კურსი?

ზოგადად, ეროვნული ვალუტის სიმყარე რიგი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ფაქტორებითაა განპირობებული. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავალუტო შემოდინებებია. ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის სავაჭრო ბრუნვამ 4.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ექსპორტი 1 მილიარდ 461 მილიონ დოლარს შეადგენს, ზრდის მაჩვენებელი კი 25%-ს აღწევს; ზრდა ფიქსირდება იმპორტთან მიმართებითაც და მისი მოცულობა 3 მილიარდ 300 მილიონი დოლარის ფარგლებშია.

ექსპორტის 25%-იანი მატება იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში მეტი ფული შემოდის, ეს კი ქართული ლარის გაცვლით კურსზე დადებითად აისახება. გარდა ვაჭრობისა, გასათვალისწინებელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფაქტორი, რომელიც ინვესტორებისა და ტრეიდერების განწყობაზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს. 2022 წელს საქართველომ 2 მილიარდი დოლარის FDI მიიღო, რაც უმაღლესი მაჩვენებელია.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ტურისტული ნაკადების ფაქტორიც. 2022 წელს საქართველოში შემოსულმა ვიზიტორებმა 3.5 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 182%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ყველაზე მეტი შემოსავალი საქართველომ რუსი ვიზიტორებიდან მიიღო, კერძოდ, 891 მილიონი დოლარი.
ინვესტორების განწყობაზე დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკური ზრდაც. მიმდინარე წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 7.3%-ით გაიზარდა, ხოლო პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.2 პროცენტია.

სავალუტო ნაკადების გაუმჯობესების გარდა, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე რეფინანსირების განაკვეთის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებაც პოზიტიურად მოქმედებს. მოგეხსენებათ, თანხის დაბანდება იმ ვალუტაში უფრო მომგებიანია, რომელშიც განაკვეთები მაღალია. საქართველოში კი ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარის სიმყარეს, გარკვეულწილად, სწორედ ეროვნული ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკაც განაპირობებს.

თუ გაინტერესებთ ახალი ამბები ბიზნესში თვალი ადევნეთ BMG-ის სხვადასხვა პლატფორმაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები