"ქართული ლუდის კომპანია" საფონდო ბირჟაზე პირველ ეტაპზე 20 მილიონი ლარის ბონდების გამოშვებას გეგმავს. როგორ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, კახა კოტრიკაძემ BM.GE-ს განუცხადა, ფასიანი ქაღალდები ბაზარზე დაახლოებით 3 თვეში განთავსდება. საჯარო ობლიგაცია კომპანიისთვის პირველი პრეცენდენტია.
"ვფიქრობთ, რომ მესამე კვარტლის დასაწყისში უკვე გამოვუშვებთ ბონდებს, სამი თვის პერიოდში. რესურსების ათვისებას შევძლებთ ასევე წლის ბოლომდე. განხორციელედება ბევრი საინტერესო პროექტი, რაც გვაქვს დაგეგმილი და საბოლოო ჯამში ყველა პროექტი მოემსახურება იმას, რომ საქართველოში შეიქმნას ახალი ბიზნესები, ახალი იდეები დაფინანსდეს და გაიზარდოს ქართული წარმოება", - განაცხადა კახა კოტრიკაძემ.
ქართული ლუდის კომპანიას ლარის საჯარო ობლიგაციების გამოშვებაში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Scrope Ratings GmbH-ის მიერ მინიჭებული ბიზნეს რისკის მიხედვით BB- და ფინანსური რისკის მიხედვით BB რეიტინგი დაეხმარება.
"საქართველოს საფონდო ბაზარი აქტიურდება. ძირითადი აქტივობა არის სასესხო კაპიტალის ბაზარზე. საკმაოდ პოპულარული პროდუქტი არის ობლიგაციები როგორც ლარში, ასევე დოლარში. თუ რეიტინგი აქვს კომპანიას B- -ზე უკეთესი, მაშინ მას შეუძლია ლარის ობლიგაციის მიმზიდველ ფასად გამოცემა. ჩემი აზრით, წელს საკმაოდ ბევრი საინტერესო სიახლე იქნება ბაზარზე, რაც საფონდო ბაზარს კიდევ უფრო გააძლიერებს", - აცხადებს "თიბისი კაპიტალის" გენერალური დირექტორი ირაკლი ელაშვილი.